31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ბიულეტენში 39 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. სოციოლოგიური კვლევები უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, მიკერძოებულია. ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას აჯამებენ და საშუალო რეიტინგები ასე გამოჰყავთ. მსგავსი მეთოდის გამოყენებით კი საპრეზიდენტო კამპანიას შემდეგი ლიდერები ჰყავს:
მიმდინარე საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენტულობით ხასიათდება. სამ კანდიდატს გააჩნია მეორე ტურში მოხვედრის შანსი. მსგავსი მძაფრი კონკურენცია კი თამაშში უკრაინელი ოლიგარქების ჩართულობამ გამოიწვია.
აქტიური ოლიგარქები
რინატ ახმეტოვი ყველაზე მსხვილი ოლიგარქია ($12 მლრდ.). ის ფლობს მეტალურგიულ და ენერგეტიკულ აქტივებს. ტელევიზია "უკრაინა" ახმეტოვის მფლობელობაშია. მისი მენეჯერები მართავდნენ ისეთ სახელმწიფო საწარმოებს, როგორიცაა: რკინიგზა, ენერგობაზარი, უკრენერგო, უკრინტერენერგო და ა.შ. ახმეტოვს რადაში ორი ფრაქცია ჰყავს: იური ბოიკოს "ოპოზიციური ბლოკი" და ოლეგ ლიაშკოს "რადიკალური პარტია" - ჯამში 59 დეპუტატი (სულ რადაში 450 დეპუტატია). ეს ფრაქციები არ აძლევენ ხმას არცერთ კანონპროექტს, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ახმეტოვის ინტერესები. ახმეტოვის ბიზნეს აქტივებში ასევე შედის: ბანკი "პუმბი", სადაზღვევო კომპანია "ასკა", კიევენერგო, ნავთობპროდუქტების ოპერატორი "პარალელი", ელიტური უძრავი ქონების ჰოლდინგი "ესტა", აგროჰოლდინგი "ჰარვესტი", სატრანსპორტო კომპანია "პორტინვესტი", ტელეკომინიკაციების ჯგუფი "ვეგა" და "უკრაინა". ახმეტოვის "მეტინვესტის" მფლობელობაშია დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული გიგანტი ქარხნები. ის აგრეთვე დონეცკის "შახტარის" მფლობელია.
იგორ კოლომოისკი "პრივატ-ჯგუფი" ($4 მლრდ.) ფლობს ათეულობით სამრეწველო საწარმოს. პოროშენკოს ხელისუფლებამ კოლომოისკის კუთვნილი "პრივატ ბანკის" ნაციონალიზაცია მოახდინა, საიდანაც კოლომოისკიმ $2 მლრდ გაიტანა უცხოეთში და 20 მილიონი მეანაბრე/კლიენტი რისკის ქვეშ დააყენა იმ იმედით, რომ დასავლეთის მიერ გამოყოფილი დახმარებიდან "პრივატ ბანკიც" მიიღებდა დახმარებას. დღეს კოლომოისკი ჟენევაში ცხოვრობს და ცდილობს შური იძიოს - პოროშენკო ჩამოაშოროს ხელისუფლებას და ლონდონის სასამართლოში შეტანილი $5 მილიარდიანი სარჩელი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიგოს. კოლომოისკი უკრაინაში მძლავრ მედია აქტივს ფლობს, რომელშიც გარდა რეიტინგული "1+1"-ისა შედის კიდევ 4 ტელევიზია და 5 ინტერნეტ გამოცემა. მისი ბიზნეს იმპერიის მარგალიტებია: კრემენჩუგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ბენზინგასამართი სადგურების ქსელი "უკრნაფტა", დნეპრის აზოტი, ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები", გაზის მომპოვებელი კომპანია, ნიკოპოლის და ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხანა, მარგანეცის საბადოები, კრივოი როგის ლითონის კომბინატი და 6 ოლქის ენერგოკომპანიის მინორიტარული წილი. რადაში ის აკონტროლებს ფრაქცია "აღორძინების" 24 დეპუტატს და რამდენიმე "დამოუკიდებელ" დეპუტატს. კოლომოისკი მხარს უჭერს და აფინანსებს ზელენსკის და ტიმოშენკოს. ის ასევე შეუთანხმდა სააკაშვილს, რომელსაც 2018 წლის 7 სექტემბერს ჟენევაში შეხვდა, პოროშენკოს ჩამოშორების პროცესის მხარდაჭერაზე.
ვიქტორ პინჩუკი ($1.6 მლრდ.) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმას სიძეა, რომლის მეშვეობით ის გახდა მილიარდერი და ფლობს მობილურ კომპანია "კიევსტარს". პინჩუკი ნავთობის და გაზის მილების წარმოების მონოპოლისტია. ის 5 სატელევიზიო არხს ფლობს. რადაში მხოლოდ 3 სამი დეპუტატი იცავს მის ინტერესებს. პინჩუკი საპრეზიდენტო კანდიდატად მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკს ამზადებდა, თუმცა გადაწყვიტეს, რომ არ აჩქარდნენ. დღეს პინჩუკი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს ძირითად კანდიდატებს შორის და აპირებს შეუთანხმდეს გამარჯვებულს.
ვიქტორ მედვედჩუკი ($1მლრდ.) პუტინის ნათელ-მირონი და პირადი მეგობარია. ის იყო პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი და კიევის "დინამოს" ფარული თანამფლობელი. მედვედჩუკი რუსეთიდან იღებს ნავთობპროდუქტებს (ძირითადად დიზელს) შეღავათიან ფასში, რომლის რეალიზაციით უზარმაზარ მოგებებს ნახულობს ქსელ "ტნკ/გლასკო"-ის მეშვეობით. მედვედჩუკი არის "როსნეფტის" ექსკლუზიური წარმომადგენელი უკრაინაში და ყიდის რუსულ თხევად გაზს. ის არ მალავს პრორუსულ ორიენტაციას და ასრულებს შუამავლის როლს პოროშენკოს და პუტინს შორის. მედვედჩუკმა 2017 წელს შეიძინა ორი ტელევიზია: "ნიუს ვან" და "112". საინტერესოა, რომ სწორედ ამ ორ არხზე გამოდიოდა ყველაზე ხშირად სააკაშვილი უკრაინაში ყოფნის დროს.
საპრეზიდენტო კანდიდატები
ვლადიმერ ზელენსკი ძველი "კვნშიკია". მან კოლომოისკის ხელშეწყობით სატირულ-იუმორისტული სტუდია "95-ე კვარტალი" დააფუძნა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა სწორედ კოლომოისკის სატელევიზიო არხების მეშვეობით. ზელენსკი ცალსახად კოლომოისკის პროექტია. ის საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში პირველ ადგილზეა. უკრაინელები აცნობიერებენ, რომ ზელენსკი გამოუცდელია და არ არის მზად პრეზიდენტობისთვის, მაგრამ სხვა მოქმედი პოლიტიკოსების უმრავლესობა იმდენად გასვრილებია, რომ ხალხის 27% მზადაა მხარი დაუჭიროს გამოუცდელ, დილეტანტ, მაგრამ გაუსვრელ ზელენსკის. ეს 27% იმდენად ზელენსკის არ უჭერს მხარს, რამდენადაც წინააღმდეგია გასვრილი და კორპუმპირებული პოლიტიკოსებისა, რომელიც უხვადაა უკრაინის პოლიტიკურ ოლიმპზე.
გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ზელენსკი შესაძლოა გახდეს კომპრომისული კანდიდატი ოლიგარქიულ კლანებს შორის, როდესაც პრეზიდენტი კმაყოფილდება მცირედით, ხოლო ძირითად ფინანსურ ნაკადებს და მატერიალურ აქტივებს ოლიგარქები გაინაწილებენ. ამ სცენარში ყველაზე მეტი შეხვდება იგორ კოლომოისკის, როგორც პროექტის ავტორს და ზელენსკის პროექტის მთავარ სპონსორს, რომელმაც $100 მილიონზე მეტი ჩადო "ბიზნეს პროექტში". თუ მეორე ტურში გავლენ პოროშენკო და ზელენსკი, არ გამოვრიცხოთ, რომ ზელენსკიმ პრემიერის პოსტი იულია ტიმოშენკოს შესთავაზოს და ამით გაერთიანდეს ზელენსკის 27%-იანი და ტიმოშენკოს 16%-იანი ელექტორატის დიდი ნაწილი. ზელენსკის მთავარი გამოწვევა არჩევნებში თავისი მომხრეების გამოყვანა იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის პოლიტიკური გუნდი ახალია და არ ჰყავს მძლავრად განვითარებული პოლიტიკური ქსელი რეგიონებში, ეს ამოცანა გადაუწყვეტელიც შეიძლება დარჩეს და 27%-იანი რეიტინგიდან მხოლოდ ნაწილის მიღება შეძლოს. ზელენსკის ახალგაზრდობა უჭერს მხარს, რომელიც არჩვნებზე მისვლით თავს არ იკლავს. მისი არჩევის შემთხვევაში უკრაინაში აუცილებლად დადგება საკითხი საპარლამენტო მოდელზე გადასვლისა, რადგან ეს მოდელი ყველაზე კარგად შეესაბამება ოლიგარქების ინტერესებს, სადაც ყველა ოლიგარქს თავისი ფრაქცია ეყოლება და გავლენის სფეროებს გადაინაწილებენ. გამოუცდელი და სუსტი პრეზიდენტის პირობებში, მოდელის ცვლილება გარდაუვალი იქნება.
იულია ტიმოშენკოს ტრადიციულად ჰყავს თავისი მომხრეების 16%-იანი ნიშა, თუმცა მისი გამოცდილება და რეგიონებში გამოცდილი მომხრეების ქსელი მას მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზაციას მოუტანს არჩევნების დღეს. გარდა ამისა, ტიმოშენკო საარჩევნო შტაბიდან ამოღებული მასალების მიხედვით, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა, არის გეგმები ხმების მოსყიდვაში მილიონების დახარჯვისა. საარჩევნო გამოცდილება და დიდძალი ფული, რომელიც "გაზის პრინცესას" გააჩნია გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ტიმოშენკო სერიოზული კანდიდატია მეორე ტურში გასასვლელად. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოლიგარქები შიშნარევები უყურებენ ტიმოშენკოს, რადგან ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იქნება ძალზედ რთული და პოროშენკოს ნაცვლად ტიმოშენკო მიიღებს ტორტის ყველაზე მსუყე ნაჭერს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოლიგარქები თავის მატერიალური და მედია რესურსით ტიმოშენკოს მოკრძალებულად ასარგებლებენ. კოლომოისკი კი ამ "დოღში" ორ ცხენზე დებს ფსონს: ზელენსკიზე და ტიმოშენკოზე, ვინაიდან ოლიგარქებს შორის ყველაზე მეტად ის დაზარალდა პოროშენკოს ხელისუფლების პირობებში და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა პოროშენკო ჩამოაცილოს ხელისუფლებას.
პეტრო პოროშენკო მიუხედავად დაბალი რეიტინგისა, ყველაზე მისაღებია დასავლეთისთვის, რადგან ის ინარჩუნებს რუსეთთან დაპირისპირების მდგომარეობას და ამწვავებს კიდეც. დასავლეთმა უკრაინას განუსაზღვრა ფუნქცია, იყოს იგივე, რაც პაკისტანია ინდოეთისთვის - მუდმივი გამაღიზიანებელი. პოროშენკომ გარკვეული რეფორმები განახორციელა, თუმცა არ ალაგმა ოლიგარქების თარეში და ის თავად იქცა მთავარ ოლიგარქად. პოროშენკოს შტაბი იმედოვნებს 16%-იან რეიტინგს დაუმატოს 8-10% ადმინისტრაციული რესრუსის გამოყენებით. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ჯანდაცვის რეფორმა, უკრაინის მიერ თომოსის მიღება, დეცენტრალიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების ახალი მოდელი, გაზის შესყიდვების გამჭვირვალე სქემა უდაოდ პოროშენკოს აქტივია, თუმცა გრძელდება ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია, მუშახელი გარბის ქვეყნიდან (7-10 მლნ ადამიანმა დატოვა უკრაინა), ტერიტორიული კონფლიქტი, ტოტალური კორუფცია - ეს ყველაფერი მძიმე ფონს ქმნის მოქმედი პრეზიდენტისთვის.
ბოლო დღეებში პოროშენკომ ამერიკელებსაც მოუქონა თავი. მას ტრამპთან გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობები, რადგან 2016 წელს სწორედ მან გადასცა ჰილარი კლინტონის მომხრეებს იანუკოვიჩის პარტიის "შავი ბუღალტერია", რომლის მიხედვითაც ტრამპის შტაბის უფროსი მანაფორტი რუსულ ინტერესებს ლობირებდა. დღეს კი გადასცა დოკუმენტები, თუ როგორ ეხმარებოდა უკრაინის ხელისუფლება ჰილარი კლინტონს ტრამპის წინააღმდეგ. აშშ-ში კი ნებისმიერი მხარდაჭერა უცხოეთიდან აკრძალულია არჩევნების დროს. ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და მეორე დღესვე "ტვიტერზე" თავად დაწერა ამის შესახებ. ადმინისტრაციული და დიდძალი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პოროშენკოს აქვს შანსი გახდეს პრეზიდენტი, თუმცა მას აფერხებს ორი პრობლემა: 1. არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებაზე ის არის პასუხისმგებელი დასავლეთის წინაშე 2. შსს მინისტრი არსენ ავაკოვი მას არ ემორჩილება. ორივე შემთხვევაში მას მოუწევს საერთო ენის გამონახვა, რათა არ მიიღოს უმართავი პროცესები არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარ მოედანზე, რომელსაც "მაიდანი" ჰქვია.
უკრაინაში პრორუსული ელექტორატი კრემლმა თავად შეამცირა ყირიმის ანექსიით და დონბასის ოკუპირებით და ვიდრე ასეა საქმე, ღიად პრორუსულ ძალებს წარმატების შანსი ნაკლები აქვთ.
ანალიზი ცხადყოფს, რომ უკრაინელი ხალხისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება ნებისმიერი კანდიდატის მოგების შემთხვევაში, რადგან თითოეულის უკან ოლიგარქიული ინტერესები დგას. მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ ვინ გააკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს და სახელმწიფოს მატერიალურ რესურსებს.
ირაკლი გოგავა