რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. მიმდინარე სამუშაო ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.
სამინისტროს ცნობით, პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა.
ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კომპლექსი ტურისტების მეტ დაინტერესებას გამოიწვევს.
„სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხულში დავასრულებთ ამ პროექტს და ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი სივრცე დახვდებათ დასვენებისთვის. ეს არის ნაწილი დადიანების სასახლის ტერიტორიის, სადაც ბევრი სამუშაო განხორციელდა, მათ შორისაა, ბოლო დროს, ქართუს დახმარებით, ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ეს კომპლექსი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია გახდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.