ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის პროვოკაცია და გამიზნული მომხრეების შესანარჩუნებლად და იმ ხალხის დასაშინებლად, ვინც მათ მხარს არ უჭერს.
მაღრაძის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლას.
„მიხეილ სააკაშვილს ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ყოველთვის არარეალურ განცხადებებს აკეთებს. ამ განცხადებით სურს, თავისი მომხრეები გაამხნევოს და მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში დათესოს შფოთი. მხვდებიან ადამიანები და მეკითხებიან, მართლა აპირებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასო.
მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს და გათვლილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს შეშფოთებული და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს ვერ მოიმატებს, მაგრამ ამ ნაბიჯით მათ სურთ, ის მომხრეები არ დაკარგონ, რაც ახლა ჰყავთ.
სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ 2016 წლის არჩევნებში წარმატება მის გუნდს არ ექნება.
ქართველი ხალხი ადვილად არაფერს ივიწყებს და ის, რაც ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ყოფნის დროს, ყველამ ძალიან კარგად იცის და მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში გაიმარჯვოს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.