საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელი, განსაკუთრებულად აღინიშნება. დღეს, 26 მაისს, 12:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფასადი ბანერებით გაფორმდა, რომელზეც წარმოდგენილია პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების ფოტოები; სასტუმრო „მარიოტიდან" ოპერისა და ბალეტის თეატრამდე ტროტუარი მოიხატა საზოგადო მოღვაწეთა ცნობილი გამონათქვამებით, ამონარიდებით კონსტიტუციიდან და ჰიმნიდან; განთავსდა ინფორმაციული კონსტრუქციები, ე.წ. პილონები, ქართველ ხელოვანთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა გამოსახულებებით; ტერიტორიაზე მოეწყო 3 არტ-კაფე, რომლებშიც განთავსებულია ხელით მოხატული ავეჯი: ფორტეპიანო, მაგიდა, სკამები და სხვა. არტ-კაფეებს მთელი დღის განმავლობაში ქართველი ხელოვანები ესტუმრებიან.
თეატრალური უნივერსიტეტის წინ მოწყობილ სცენაზე სტუმრებისთვის კონცერტს გამართავს დავით ევგენიძის ბენდი და ქართული ხმების კვარტეტი;
არტ-სცენაზე („თბილისი მარიოტსა" და რუსთაველის თეატრს შორის) წარმოდგენილია მოხატული ფორტეპიანო, მოეწყო იმიტირებული „ფოტოატელიე", განთავსებულია პანო, ძველებური ფოტოაპარატი, კოსტიუმები (შლაპები, შარფები, ქოლგები, სცენის მიმდებარედ ძველებური მანქანები) შესაძლებელია რეკვიზიტების მორგება და სამახსოვრო ფოტოს გადაღება, რომელიც ადგილზევე იბეჭდება.
ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ, გაიმართება მეჯლისი, ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეების მონაწილეობით. ოპერის აივნიდან უძველესი საოპერო აუდიოჩანაწერები გაჟღერდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, საზეიმო ღონისძიებები, თბილისთან ერთად, გაიმართება 9 თვითმმართველ ქალაქში - ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი და ქუთაისი. კონცერტებში მონაწილეობას ანსამბლები, ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ქ. ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება.