შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედის პირდაპირ ეთერში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების, სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ, ახალ კანონზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მკაცრი კანონი ნარკოტიკის შემთხვევაში და არა ალკოჰოლის შემთხვევაში, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა რანგის დანაშაულია და შეუძლებელია მათი გათანაბრება.
„ამ ნაწილში, ერთადერთი რის გასწორებაც შეიძლება, არის ის, რომ სიმთვრალის ნაწილიც გავამკაცროთ იმიტომ რომ, აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად, ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან, ეს შეუძლებელია. ამიტომ, რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მძღოლს პატრულ-ინსპექტორი გააჩერებს, პირველი, რასაც შეამოწმებს, ეს არის ალკოჰოლური თრობა. მხოლოდ შემდეგ გადავა ნარკოტიკულ თრობაზე და ამაშიც არის თავისი ლოგიკა და შესაბამისად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულებები აღებული ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივყვებით ამ გზას და შეუძლებელია გავათანაბროთ დღეს ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საერთოდ სხვადასხვა რანგის დანაშაულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.