logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით
- +

1 აპრილი. 2019. 02:56

 

 

„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება AIR FRANCE - სთან წარმატებით დასრულდა. ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია ტურისტების მოსაზიდად და ასეთი პირდაპირი ფრენები ტურისტების მოზიდვას ევროკავშირიდან ბევრად გაგვიადვილებს. ვიმედოვნებთ, რომ AIR FRANCE მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და ჩვენ კიდევ მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ავია გადამზიდავის AIR FRANCE - ის მიერ, საქართველოში პირველი ავიარეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

 პირდაპირი რეისი 31 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ავიაკომპანიამ „AIR FRANCE“ შეასრულა, რომლის  პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. საინაუგურაციო რეისს თბილისის აეროპორტში დახვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

 

„AIR FRANCE“-ის რეისს ასევე ჩამოყვნენ ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მაზმიშვილი, ასევე ტურიზმისა და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები.

 

თბილისის აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია ’’Air France-KLM-ის კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის  ვიცე პრეზიდენტი სებასტიან გუიო.

 

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საფრანგეთის დედაქალაქთან პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელთაც შეეძლებათ, უფრო იოლად და სწრაფად ჩავიდნენ ევროკავშირში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელსა და მის გუნდს წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებისთვის, აგრეთვე თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიას“.

 

„AIR FRANCE“-ის მიერ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

 

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner