„მივესალმებით იმ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო უკრაინის დემოკრატიას გულშემატკივრობს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას და ვგულშემატკივრობთ უკრაინის დემოკრატიას. არჩევნები არის დემოკრატიის ნაწილი და დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხი თავის საბოლოო არჩევანს გააკეთებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მივესალმებით პრეზიდენტობის იმ კანდიდატს და იმ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს და რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 47.28%-ით დათვლის შემდეგ შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმათა 30.19% აქვს. ისევ მეორე ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16.68 პროცენტით, მესამე ადგილს კი ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო იკავებს 13.06%-ით.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.