საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ.
პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.
„დღეიდან ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ დაახლოებით 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ოპერირებას და მონიტორინგს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება გახორციელდება ბანკის მიერ.
პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.
სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.
საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.
სქემის გამჭვირვალობის, ნდობის და მმართველობის ხარისხის გასაძლიერებლად შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ზედამხედველობას და შედეგების მონიტორინგს.