გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ. მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ადგილობრივებს ინფორმაცია რძის მიღება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვაშლის ბაღის და კენკროვანი კულტურების გასხვლა-ფორმირებასა და აგროტექნოლოგიაზე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ფერმაში გასატარებელ ვეტერინალურ-ზოოტექნიკურ ღონისძიებებსა და სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე მიეწოდათ.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობაა. 2019 წელს, სპეციალისტებმა კახეთის, გურიის, შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონის 65 სოფელში 3 000-ზე მეტ ფერმერთან გამართეს შეხვედრები.