logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია NATO-სა და ევროპისაკენ მიმავალი კურსიდან
- +

1 აპრილი. 2019. 18:23

 

გერმანული გამოცემა „Spiegel“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - „ყოველდღე პროვოკაციები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური“. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჟურნალისტმა კრისტიან ეშმა ჩაწერა.

 

როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, ევროპა იმ ქვეყნის პერსპექტივიდან, რომლებსაც მასში გაწევრიანება უნდათ, სულ სხვაგვარად ჩანს.

 

„ისინი კი, ვინც უკვე მისი წევრები არიან, ხშირად ევროპით დაღლილები ჩანან და მოუთმენლობას ავლენენ, ზოგჯერ დამფრთხალებიც არიან. ჩვენ კი, რომლებიც გარედან ვაკვირდებით, კვლავინდებურად აღფრთოვანებულები ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კითხვაზე - საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას. პოლიტიკურ ელიტას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა სურს, მაგრამ ამავდროულად რუსეთთან ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ზურაბიშვილი პასუხობს:

 

„საქართველოში ეს მხოლოდ ელიტა არაა. მოსახლეობაშიც ფართო კონსენსუსი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხალხს იმის თქმაც ხომ შეუძლია: ეს ძალიან გრძელი გზაა და მივაღწევთ კი ოდესმე მიზანს? მაგრამ, პირველ რიგში, სურვილი, მივეკუთვნებოდეთ ევროპას, ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენს ღირებულებებში; და მეორე, ჩვენ სხვა პერსპექტივას საქართველოსთვის ვერ ვხედავთ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

 

„Spiegel“-ის კითხვაზე, რა დროის მონაკვეთში ვარაუდობს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირისა თუ NATO-ს წევრობის პერსპექტივას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გადაწყვეტილება ამჟამად და უახლოეს მომავალშიც არარეალისტურია. ამასთან, აღნიშნა, რომ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ახლა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე ორი-სამი წლის წინ.

 

„ევროკავშირს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ჯერ – შიგნიდან, შემდეგ – გარედან, და ამიტომ ვიცი, რომ მას ნამდვილად დიდი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს – კრიზისული პერიოდების გარდა. და ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული კრიზისი გვაქვს ბრექსიტიდან და პოპულიზმიდან გამომდინარე. ევროკავშირი დგას გამოწვევის წინაშე. ბრექსიტის გამო, ის თავისი საგარეო ურთიერთობებისთვის ახალ ფორმებს ეძებს და შეიძლება საქართველომ თავისი თანამშრომლობის ფორმაც იპოვოს. საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ დინამიკა გვაქვს. სწორედ ისე, როგორც ეს იყო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში ვიზა-ლიბერალიზაციის ჩათვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კრისტიან ეშის კითხვაზე, მიულოცა თუ არა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ მიულოცია.

 

„არა. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

„Spiegel“-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობაზეც ჰკითხა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად საქართველოს რუსეთთან. „ეს 2008 წლის აგვისტოდან ასეა. მაშინ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამჟამად როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსეთთან?“

 

რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია NATO-სა და ევროპისაკენ მიმავალი კურსიდან.

 

„კარგი ის არის, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია NATO-სა და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა - ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ყოფნისას, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოა – „2005 წელს რუსეთი მზადაც კი იყო, საქართველოდან სამხედრო ბაზები გაეყვანა“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

 

 

„მაშინ ეს სხვა რუსეთი იყო. ის ბევრ რამეში უფრო პრაგმატული იყო. ახლა რუსეთი გაცილებით მეტად იდეოლოგიური სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც გამოწვევებს აყენებს. მოსკოვი დღესდღეობით ფიქრობს, რომ ეს აგრესიული, თავდაჯერებული პოზიცია ხელსაყრელია. მე ამაში ეჭვი მეპარება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner