ავტორი ანა ზალდასტანიშვილი
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" საუბარში გაიხსენა 2011 წლის 26 მაისს მომხდარი მოვლენები და განაცხადა, რომ სადღესასწაულო დღეს სირცხვილიც მოჰყვება.
„ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ასეთ განსაკუთრებულ დღეს ასეთი სასირცხვილო ლაქაც გახლავს, თან უახლესი ისტორიის პერიოდში. ის, რაც 2011 წლის 26 მაისს, მოხდა, ვერ ჯდება ვერცერთ საზომში. ულმობლობა, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ჩაიდინა, სისასტიკეა, თუნდაც დამნაშავეები ყოფილიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა .
ყველა ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე არის ძალზედ ამაღლებული და სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას მოჰყვება ასეთი სირცხვილი და შავი ლაქა.
დამნაშავეები არ დასჯილან, არანაირი ტიპის პასუხისმგებლობა არ ატვირთვინეს, არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური, იმიტომ, რომ დღესაც ვხედავთ ამ ხალხს იმავე აგრესიით, უფრო მეტითაც თუ არა. უფრო მეტი საფრთხეები აქვს სახელმწიფოს და საზოგადოებას იმ პარტიის და იმ ადამიანების სახით, რომლებიც მაშინდელ ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ოპოზიციაში არიან, ამიტომ პრაქტიკულად, სამართალი ვერ დავინახეთ.
ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი არ არის ყველაზე გადამწყვეტი, ეს არის მხოლოდ აუცილებელი პირობა. იმისათვის, რომ სახელმწიფო დამოუკიდბელი იყოს, საზოგადოება ცოტა სხვანაირად უნდა ფიქრობდეს, ამიტომაც უნდა იყოს ერთიანობა, დაშლის ნაცვლად შექმნა და ასე შემდეგ. საზოგადოება ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა შევქმნათ და არ ვუყუროთ მხოლოდ ნეგატივს.
ჩემთვის მთავარ სურვილად რჩება ის, რომ ჩემმა თაობამ დამოუკიდებლობის სტატუსის მქონე ქვეყანა თავისუფალ სახელმწიფოდ გარდაქმნას", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.