logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს
- +

1 აპრილი. 2019. 21:39

 

„ბიძინა ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში ხედავს იმ კაცს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

გერმანულმა გამოცემამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – „ყოველდღე პროვოკაციები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური“. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ კრისტიან ეშმა ჩაწერა.

 

ჟურნალისტმა კრისტიან ეშმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰკითხა – „არჩევნებში თქვენ ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ფაქტობრივად, მხარს გიჭერდათ საქართველოს უძლიერესი პირი – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. რა არის მისი როლი?“

 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა.

 

ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ივანიშვილს მაშინ სურდა, მხოლოდ დროებით ჩარეულიყო პოლიტიკაში. გაახმოვანა დაპირება, რომ კვლავ ჩამოშორდებოდა პოლიტიკას. როგორც ჩანს, ამ დაპირებიდან არაფერი გამოვიდა. მან თქვენ აქტიურად დაგიჭირათ მხარი და კვლავ უდიდესი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია“.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ.

 

„ბიძინა ივანიშვილთან მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ამასთან, ჟურნალისტის განცხადებაზე, რომ „დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას“, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ბიძინა ივანიშვილი პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს“.

 

ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner