logo_geo
eng_logo
ჭავჭავაძის N5 აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

1 აპრილი. 2019. 22:55

 

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის 5 ნომერთან 2 მუშის დაღუპვას აპროტესტებენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ.

 

მათ გზის ორივე ნაწილი დაიკავეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცველები ამ წუთებში გზის გათავისუფლებას ცდილობენ.

 

დემონსტრანტების ნაწილი იმ შენობის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც მუშები დაიღუპნენ. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.

 

აქციის მონაწილეების თქმით, იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. კერძოდ, ისინი პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვენ.

 

აქციის ორგანიზატორი „სოლიდარობის ქსელია“. მათ შეუერთდნენ ასევე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი  და დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით, ჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც გუშინ მიწის ჩამოშლის შედეგად 2 მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება.

 

ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

სამშენებლო სამუშაოებს "შპს ლეჩკომბინატი ნომერი 1"-ის დაკვეთით, კომპანია "ტრანსმშენი“ აწარმოებს. შემთხვევის ადგილზე საავადმყოფო უნდა აშენდეს. შსს-მ გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner