logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო
- +

2 აპრილი. 2019. 13:58

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს 31 მარტს, თბილისში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ორი ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გამო. პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

 

ამასთან, ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს საქმის წარმოებისას უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დარღვევის გამო, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

„ევროპაში ინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანებაა, არამედ, პირველ რიგში, ეს ევროპული სტანდარტების, მათ შორის, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ზურაბიშვილის თქმით, შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა ზოგადად და მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, პირველი რიგის პრობლემაა და ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

 

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner