პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია ძალიან მძიმეა. როგორც კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ.
კილაძის თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი სანქციების გამკაცრებასა და აღსრულების გაუმჯობესებაშია.
„მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო დაღუპული მუშაკების ოჯახებს და ვუსურვო მათ გამძლეობა ამ ტრაგედიის გადასატანად. სიტუაცია ნამდვილად არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებში მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები და მათი აღსრულება არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები. ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვს.
რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? - ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება. ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები საქართველოს ბიუჯეტიდან. თუ ჩვენ, ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ეს თანხები, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომპანიის ბიზნესინტერესის დაცვა ადამიანების სიცოცხლის და უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.