logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა
- +

2 აპრილი. 2019. 19:55

 

პარლამენტში, აპარატის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებს, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიოდნენ სტაჟირებას, დღეს შესაბამისი სერტიფიკატები, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გადასცა.

 

გივი მიქანაძემ სტაჟიორებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად სტაჟირების ახალი პროგრამის ფარგლებში A კატეგორიის სერტიფიკატის მქონე ორ ყველაზე წარმატებულ სტაჟიორს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პარლამენტის აპარატი დაასაქმებს. გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა.

 

აპარატის უფროსმა ყურადღება გაამახვილა სტაჟირების პროცესის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, პარლამენტში მიღებული გამოცდილება ახალგაზრდების კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

„სტაჟირების ეს ფორმატი არის სრულიად განახლებული მოდელი. პირველად ხდება, როდესაც ასეთი გრძელვადიანი სტაჟირების ფორმატში დაინერგა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთი ეს არის სასწავლო ცენტრში სწავლის პროცესი და მეორე მენტორინგის კომპონენტი. ეს არის კონკრეტული დარგის სპეციალისტების აღზრდის მიმართულება. ექვსი თვის განმავლობაში ცოდნის მიღება სწორედ ამ მიმართულებით მოხდა. ჩვენ ვართ მხოლოდ ხარისხზე ორიენტირებულები და თამამად შემიძლია ვთქვა რომ საჯარო სექტორში ეს არის ყველაზე რთული სტაჟირების პროგრამა, რომელიც მიმართულია პროფესიონალებად აღზრდა-ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვქონდა, რომელიც გაამართლეთ; თოთოეული თქვენგანი გახდით პარლამენტის დიდი ოჯახის წევრი“, - მიმართა სტაჟიორებს გივი მიქანაძემ.

 

აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა თითოეულ სტაჟიორს, მენტორს და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებს იმ პასუხისმგებლობისთვის და შრომისთვის, რომელიც მათ ამ ექვსი თვის განმავლობაში გაწიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner