ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირინე ფრუიძე ბასკეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს ევროპული ევროინტეგრაციის პროცესზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საპარლამენტო დემოკრატიაზე ესაუბრა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ირინე ფრუიძის განცხადებით, სტუმრები დაინტერესდნენ ღია პარლამენტით და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მიღწევებით ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის ჩართულობით.
ირინე ფრუიძის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბიზნეს და ტურისტული კავშირების გაძლიერებაზე, ბასკური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ კავშირებზე, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის იყოს სხვადასხვა მიმართულებით. აუცილებელია ხელი შევუწყოთ ბასკური კომპანიების მიერ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას და ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ კავშირებს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.