ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შრომითი უსაფრთხოების თემაზე გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, წლების განმავლობაში ეს სფერო კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი და ახლა ხდება სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება.
„ერთის მხრივ, ეს სისტემური მიდგომა არის კანონები და რეგულაციები და მეორეს მხრივ, ის ინსტიტუციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ ყველაფრის განხორციელება. ეს არის 4-დონიანი იერარქია - შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და კომპანიის უსაფრთხოების სამსახურები. ის რომ, მიუხედავად მიღებული კანონებისა და რეგულაციებისა, ჩვენ რისკები მინიმუმამდე ჯერჯერობით ვერ ჩამოვიყვანეთ, ამას თავისი მიზეზები აქვს. არ მინდა, რომ ამ 4 ეშელონიდან, რომელიმე ცალკე გამოვყო, მაგრამ რაც არ უნდა კანონები და რეგულაციები იყოს, იმ კომპანიებმა თუ არ გააცნობიერეს რომ, ამ კანონის დარღვევისათვის შესაბამისი სასჯელი არის მყისიერი და გარდაუვალი, ამის გარეშე რთული იქნება. ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვზარდოთ კანონები, მაგრამ კანონის დარღვევაზე სასჯელის გარდაუვალობა - ამის გაცნობიერებაა ყველაზე მთავარი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი.
მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კომპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.