ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თბილისში, ისანში მდებარე „დირსის“ შენობაში შეჭრილი დევნილების უკმაყოფილების მიზეზზე საუბრობს.
მინისტრის განმარტებით, დღეს მოქმედი სოციალური კრიტერიუმით დევნილებს არ მიენიჭათ შესაბამისი ქულები და სწორედ ეს იწვევს მათ უკმაყოფილებას.
სერგეენკო ახალი კრიტერიუმების დაწესების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ადამიანები დაიღალნენ ლოდინით 26, 27 წლის განმავლობაში ბინის რიგში და ჩვენი ამოცანაა, რომ რიგითობის წესები მათთთან ერთად დავაწესოთ და დავარწმუნოთ ისინი, რომ ეს პროცესი არის გამჭვირვალე“, - თქვა მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“.
მინისტრის განმარტებით, 90 000 დევნილი ოჯახიდან დღეს მხოლოდ 40 000 ოჯახი არის უზრუნველყოფილი ბინით.
„ყველა დევნილის ბინით უზრუნველყოფას 2 მილიარდ ლარამდე სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომ, იძულებულები ვართ, რაღაც სახის კრიტერიუმები შევიმუშაოთ; თუ როგორ გავანაწილოთ ეს კრიტერიუმები. არსებული კრიტერიუმები მთლიანად სოციალურ საჭიროებებზე არის მიმართული. მაგალითად, თუ სოციალურად დაუცველია და ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე; თუ ოჯახის წევრი ჰყავს დაღუპული ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ანუ ძირითადად არის სოციალურ საჭიროებებზე და არანაირად არის გათვალისწინებული დევნილობის ხანგრძლივობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.