„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტიაში შუალედური არჩევნებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამ თემასთან დაკავშირებით მან კომენტარი გადაცემაში "პირისპირ" გააკეთა.
კახა კალაძე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ლადო კახაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. კითხვაზე, ვინ არის კახაძის გამარჯვებაზე დღეს "ქართულ ოცნებაში" პასუხისმგებელი, თბილისის მერი პასუხობს, რომ "ქართულ ოცნებაში" პასუხისმგებელი ერთი პირი არასდროს ყოფილა.
„არასდროს "ქართულ ოცნებაში" პასუხისმგებლობა ერთ პირზე არ იყო. ესაა გუნდის და მთლიანად პარტიის პასუხისმგებლობა და ერთიანი ძალით გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საზოგადოებას ღირსეულად მივაწოდოთ ინფორმაცია რეფორმების და პროექტების შესახებ.
ლადო კახაძე არის ღირსეული კანდიდატი, არის თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანი და დარწმუნებული ვარ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აუცილებლად გაიმარჯვებს და ექნება დიდი მხარდაჭერა მთაწმინდელების მხრიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" განახლების პროცესს, კახა კალაძის თქმით, პარტიაში ახალი სახეების მიღების პროცესი არასდროს შეჩერებულა:
„ჩვენი კარი გახსნილია. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოს კომპანია გვყავს დაქირავებული კადრების შესარჩევად. ახალ კადრებს პარტია არჩევს დაწყებული, რადგან გვაქვს სერიოზული მზადება 2020 წლის არჩევნებისთვისაც", - განაცხადა კახა კალაძემ.
25 მარტს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატები წარდგინა. კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.