logo_geo
eng_logo
სენატორი ჯიმ რიში: რუსეთიდან მომდინარე საშიშროების გასაცნობიერებლად შეგიძლიათ, საქართველოს ხელისუფლებას გაესაუბროთ
- +

3 აპრილი. 2019. 12:52

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოიხატა. „ალიანსმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. საჭიროა, რომ ნატო-ს ალიანსმა თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააფართოვოს საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, - აღნიშნეს მოსმენისას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინ გაიმართა მოსმენა თემაზე -NATO-ს 70 წლისთავი - სტრატეგიული პარტნიორობა 21-ე საუკუნეში“. მოსმენაზე მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბრზეჟინსკი და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტი კერინ დონფრიდი.

 

მოსმენისას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა ჯიმ რიშმა („რესპუბლიკელი“ - აიდაჰოს შტატი) შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა NATO-ს მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ნატო ყველაზე უფრო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიოში, რომელიც იცავს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, მათ შორი დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ინვესტირებისთვის  სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.

 

„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მიისწრაფვიან, გაწევრიანდნენ NATO-ში, არა მხოლოდ რუსეთისაგან თავდაცვის, არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მიზნით. რუსეთი ხელახლა გახდა NATO-ს საფრთხე. თუ კვლავაც არსებობს რაიმე სახის ეჭვი ამის თაობაზე, შეგიძლიათ გაესაუბროთ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას, დღეს რუსეთიდან მომდინარე საშიშროების გასაცნობიერებლად“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.

 

იან ბრზეჟინსკის თქმით, NATO-ს ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა დღევანდელი მზარდი სახის კომპლექსურ და დინამიკურ უსაფრთხოების გარემოში.

 

„ამ კომიტეტმა არაერთხელ დოკუმენტირებულად გვაჩვენა, რუსეთის რევანშისტული ამბიციებითა და ჩინეთის მზარდი აგრესიულობით ნასაზრდოები ზესახელმწიფოთა შორის კონკურენციის დაბრუნება. მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, მისი სამხედრო პროვოკაციები, მკვლელობები, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა წარმოადგენს მაგალითების მხოლოდ ერთ ნაწილს, თუ როგორი საფრთხის წინაშე იმყოფება საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი, რომელიც გლობალური მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ავანგარდში იდგა“, - აღნიშნა იან ბრზეჟინსკიმ.

 

ბრზეჟინსკიმ NATO-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დაასახელა.

 

„ალიანსმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას. NATO-ს გაფართოება ცივი ომის შემდგომი პერიოდის ევროპის ყველაზე უფრო დიდი წარმატებაა. ცენტრალური ევროპის დემოკრატიების NATO-ში გაწევრიანებამ გააძლიერა ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება და გააძლიერა ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსის უახლესი წევრები ევროპის ყველაზე უფრო მტკიცე ტრანსატლანტისტები არიან და აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მათ შორის ევროპის მიღმა, მონაწილეობის ყველაზე უფრო მეტი სურვილი გააჩნიათ. NATO-ში მონტენეგროს ბოლოდროინდელი გაწევრიანება და ამ გზაზე მყოფი მაკედონიის ორგანიზაციაში მოსალოდნელი ინტეგრირება ერთიანი ევროპის ხედვის განხორციელებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს. ამასთან, ალიანსმა ასევე უნდა განსაზღვროს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მკაფიო გზა იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას დასჭირდება დრო შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა იან ბრზეჟინსკიმ.

 

ბრზეჟისკიმ ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„საჭიროა ამ ორი ქვეყნის ინტეგრირება აშშ-ისა და NATO-ს მიერ შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების პროცესში მყოფი საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალების ინიციატივებში. მათი ტერიტორიები სასარგებლოა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, დაზვერვითი და სხვა ოპერაციებისთვის, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ძალისხმევებს, აღვკვეთოთ რუსეთის ამ ზღვაში შეღწევადობა და დავაბალანსოთ ყირიმის ოკუპაცია. საჭიროა, რომ NATO-ს ალიანსმა თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააფართოვოს საქართველოსა და უკრაინის დახმარება; ისინი ჩართოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში, ასევე საზღვაო სარაკეტო და სხვა შესაძლებლობებში, რათა გააძლიეროს მათი თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა იან ბრზეჟინსკიმ.

 

ბრზეჟინსკის ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა დას საქართველოში მოსკოვის შეჭრის მკაფიო გაკვეთილები არსებობს.

 

„უკრაინასა და საქართველოში მოსკოვის შეჭრის მკაფიო გაკვეთილია, რომ ალიანსთან ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ბუნდოვანებამ მხოლოდ გაზარდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მადა და განაახლა მისი ოპორტუნისტული მისწრაფება, რომ ხელახლა დაამყაროს მოსკოვის ჰეგემონია ტერიტორიებზე, რომლებიც ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში დე ფაქტო და მადესტაბილიზებელი ნაცრისფერი ზონა გახდა.

 

მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორი ბობ მენენდესის („დემოკრატი“ – ნიუ იორკი) მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, ბრზეჟინსკიმ განაცხადა: „რუსეთის რევანშიზმისა და აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიდგომა ფუნდამენტური სახის შეცდომაა. 15 წელი გავიდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან. ჩვენი სტრატეგია, საპასუხო ქმედებების ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის (ინკრიმენტალიზმის) სტრატეგიაა. რუსეთი არღვევს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერების სუვერენიტეტს; იტაცებს ტერიტორიებს და ჩვენი პასუხი სამშვიდობო შეთანხმებაა“, - განაცხადა იან ბრზეჟინსკიმ.

 

ბრზეჟინსკის განმარტებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ საჭიროა დასავლეთმა ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში გააძლიეროს სამხედრო ყოფნა; გაზარდოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკური დასუსტების მიზნით მიმართული უნდა იყოს რუსეთის საბანკო სისტემაზე; ამას გარდა, საჭიროა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ განახორციელოს ხელის შეშლის სტრატეგია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner