logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისია: „რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტში მნიშვნელოვანი აცდენაა
- +

3 აპრილი. 2019. 12:56

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის, მნიშვნელოვანი ცდომილებაა.

 

უწყების ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებში 244,193 ლარის სხვაობა ფიქსირდება.

 

„კერძოდ, კომისიაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პირველ ტურში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ში 855,036 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული რიცხვი 610,843 ლარს შეადგენს.

 

ამასთანავე, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი 2“-ზე განთავსებული ჰქონდა 454,286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით აღნიშნული რიცხვი 632,188 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

 

კომისიის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ანალიზის შედარება მოხდა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციასთან, რომელიც განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

 

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტები გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტისა, დანარჩენ შემთხვევებში, თითქმის შესაბამისობაშია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner