საქართველოში მოქმედ საავტორო უფლებათა დამცველ ასოციაციასა (GCA -ხელმძღვანელი ბატონი გიგა კობალაძე) და ახლადშექმნილ ანალოგიურ კომპანიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ერთი ამტკიცებს, რომ იგი ერთადერთი და შეუცვლელია; „რასაც აკეთებს, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს“; მეორის აზრით, კობალაძის ასოციაცია საქმეს ვერ უძღვება; ქართველი ავტორების უფლებები არ არის სათანადოდ დაცული; ჯეროვნად ვერ და არ თანამშრომლობს რუსულ (ევრაზიულ) ანალოგიურ ორგანიზაციებთან; მისი ქმედებები აშკარად გაუმჭვირვალეა და ახალი ალტერნატიული კომპანიის შექმნა უკიდურესი აუცილებლობით არის გამოწვეული; რომ მისი შექმნით ქართველი ავტორების მატერიალური ანაზღაურება ბევრად გაუმჯობესდება...
ბუნებრივია, მომხრეები და მოწინააღმდეგეები ორივე მხარეს ჰყავს. თუმცა, ახალი კომპანიის ავტორიტეტი და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, რაც კობალაძის ასოციაციის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. რაც მთავარია, უკან დახევას არცერთი მხარე არ აპირებს.
სწორედ ამ დაპირისპირების შერბილების, პრობლემათა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტისკენ მოწოდების მიზნით გამოვაქვეყნე წერილი „საერთო გაზეთში“, რასაც ბატონი კობალაძის მომხრეებისგან საკმაოზე მეტად მწვავე რეაქცია მოჰყვა - თურმე არ ვიცნობ პრობლემას, ვარ ტენდენციური, ვავრცელებ სიცრუეს, არ მესმის ქართული ინტელექტის ოკუპაციის არსი, ვერ ვხედავ რუსეთის იმპერიულ ზრახვებს და ა.შ.
თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში იქნებ შევმცდარვარ კიდეც, მაგრამ შეგნებულად სიცრუე არასოდეს (არასოდეს!) გამივრცელებია. მე „ვავრცელებ“ საგნებისა და მოვლენების შესახებ ჩემს მოსაზრებებს, რომლებიც შეიძლება ზოგს მოეწონოს და ზოგს - არა. ეს არის სულ.
„ინტელექტუალური საკუთრების შემთხვევაში საფრთხე რომ ნამდვილია, საკმაოდ ნათელი და თვალსაჩინოა“, მწერს ერთ-ერთი ოპონენტი (ბატონი მირო კულულაშვილი). კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს. არამატერიალური ღირებულების (სიკეთე, სიყვარული, ერთგულება, სიძულვილი, ტკივილი, შიში, გონი, ინტელექტი...) ოკუპაცია შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საუბარი ქართული ინტელექტის ოკუპაციაზე, არამარტო სულელური, არამედ საზოგადოების (ამ შემთხვევაში - ქართული საზოგადოების სწორედ ინტელექტუალური ნაწილის!) უგუნურებაზე გათვლილი უკიდურესად შეურაცხმყოფელი ავანტურაა. მეორე მხრივ, ქართული ინტელექტის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადინება მის ოკუპაციას არ ნიშნავს. ასეა იმ შემთხვევაშიც, თუ „ინტელექტის ოკუპაციას“ მხოლოდ ხატოვან გამოთქმად განვიხილავთ. საავტორო უფლებათა დამცველის პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას ასეთი ზერელობა არ ეკადრება.
საავტორო უფლებათა დამცველი ახალი ქართული კომპანიის შექმნა დიახაც არის პრობლემური, მაგრამ მხოლოდ მოქმედი ასოციაციისთვის და არა ქართველ შემოქმედთა არმიისთვის. საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს კონსტიტუციურად გარანტირებული არჩევანის თავისუფლება და უარგუმენტო დემაგოგია კობალაძის ასოციაციის ერთადერთობაზე ვერაფერს შეცვლის.
ჩემი აზრით, ყოვლად უღირსი საქციელია ჯიუტი და გაუთავებელი სპეკულაციები „ქვეყნის ევროპული კურსისადმი შექმნილი საშიშროებით“. GCA თვითონვე აღიარებს, რომ მას „უკვე წლებია გაფორმებული აქვს 202 უცხოურ ანალოგიურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულება, მათ შორის რუსეთის ორგანიზაციასთანაც და ამისათვის, მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულებაა საჭირო, რომ რუსეთის ორგანიზაციამ უნდა შეაგროვოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართველი ავტორების ჰონორარი (რომელი საქმიანობის განხორციელებაშიც ასოციაცია ტერიტორიულობის პრინციპის დაცვის გამო ვერ ჩაერევა) და მოახდინოს ამ ჰონორარის ასოციაციისათვის გადახდა“.
ანუ, მართალია, ასოციაციას რუსეთის ანალოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს, მაგრამ ჩვენ იმ საზიზღარ ოკუპანტებთან არ ვითანამშრომლებთ, კეთილი ინებონ და ჩვენი კუთვნილი ჰონორარები თვითონვე შეაგროვონ და გადაგვიხადონო. თანაც, მამუნათებენ, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობა „პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსზე, რაშიც, სამწუხაროდ, საფრთხეს თქვენ ვერ ხედავთო“.
სანამ მე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსს ევრაზიელი დათვი შეგვჭამდეს, მოვასწრებ და ვიტყვი, რომ ორ იურიდიულ სუბიექტს შორის თუნდაც უმწვავესი დაპირისპირების პოლიტიკურ საბურველში გახვევა, მისი არცთუ სახარბიელო ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირება და ოპონენტი კომპანიის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არაფერია შექმნილი ვითარებიდან თავის დაძვრენის, პრობლემის ხელოვნურად გაბუნდოვანების მცდელობის გარდა. სწორედ ამას ემსახურება ასოციაციის მტკიცება, რომ „ახალი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, რუსული პროექტია: 1. იქმნება რუსეთის ფინანსებით; 2. პირდაპირი რეაქციაა ასოციაციის მიერ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების უარზე; მიზნად ისახავს (ჩვენი ასოციაციის) წარმატების დაკნინებას, სიტუაციის არევას, მოსარგებლეებში გაურკვევლობის წარმოშობას და ა.შ. და ა.შ.“
ახლა ორიოდე სიტყვით, ახალი ორგანიზაციის შექმნის კანონთან შესაბამისობის თაობაზე.
ბატონი გიგა კობალაძე და სხვებიც წარბშეუხრელად ამტკიცებენ, რომ „კანონის მიხედვით, სფეროში შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი კოლექტიური ორგანიზაცია, ხოლო ახლად შექმნილი ორგანიზაცია იმავე კატეგორიაში ცდილობს კოლექტიური საქმიანობის განხორციელებას, რითიც ირღვევა კანონი“. ამის დასტურად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონსაც იშველიებენ.
ეს გახლავთ კანონის მეათე თავი, „ქონებრივ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე“, კერძოდ, 63-ე მუხლი: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა“.
ალბათ ვერც მე და კონსულტაცია რომ ვთხოვე, ვერც ის იურისტები ვერ ვხედავთ და იქნებ ვინმე დამეხმაროთ - სად არის აქ ნათქვამი, რომ „სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას“?
მართალია, ბატონი გიგა კობალაძის ასოციაციას ბოროტი ხმები გაუმჭვირვალობას აბრალებენ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავხედურად გამჭვირვალე დემაგოგიასთან - კანონი სრულიად არაორაზროვნად ლაპარაკობს არა ერთადერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის, არამედ ორგანიზაციების (მრავლობით რიცხვში!) შექმნაზე.
რაიმე საქმიანობის გამჭვირვალობა ამ საქმიანობაზე დაკვირვების, მისი დოკუმენტურად შემოწმების შესაძლებლობას გულისხმობს. კობალაძის ასოციაციას გაუმჭვირვალობაზე იმიტომ ედავებიან, რომ ქართველ ავტორებს არა აქვთ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია მისი შემოსავლების წყაროების, რაოდენობის, აღრიცხვისა და განაწილების შესახებ. არც შეიძლება ჰქონდეთ, ვინაიდან თვითონ ასოციაციას დღემდე არ გააჩნია შემოსავლების აღრიცხვისა და განაწილების მეტნაკლებად ეფექტური მექანიზმი.
რასაც ახლა ვიტყვი, ეს უკვე ბევრჯერ ითქვა ქართულ მედიაში, მაგრამ რატომღაც უყურადღებოდ რჩება. კობალაძის ასოციაციას მისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორი რუსული „РАО“, რომელსაც თავის სამოქმედო არეალში დამონტაჟებული აქვს შესაბამისი აპარატურა, სისტემატურად და პატიოსნად უგზავნიდა რუსულ სივრცეში ქართველი ავტორ-შემსრულებლების მიერ შესრულებული ნაწარმოებების სიას შესაბამისი ჰონორარებით. ვიმეორებ - უგზავნიდა არა უბრალოდ რაღაც განსაზღვრულ თანხას, არამედ სიასაც, ამ ჰონორარიდან ვის რამდენი ეკუთვნოდა. კობალაძის ასოციაცია კი ამ ჰონორარებს ანაწილებდა არა მოწოდებული სიის მიხედვით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ: ამას კვარტალში სამასი ლარი, იმას - ხუთასი, სხვას - შვიდასი და ა.შ. სწორედ ეს თვითნებური განაწილება გახდა რუსული ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი.
მართალია, ბატონი კობალაძე ამტკიცებს, ჰონორარების განაწილების პროცესი სრულიად გამჭვირვალეაო, მაგრამ თუ პროცესში ჩაიხედავ, ძნელია, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს: საქართველოში არსებულ რესტორნებთან GCA-ს დადებული აქვს ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც, ცალკეულ რესტორანში არსებული სკამების რაოდენობის მიხედვით ხდება ფიქსირებული თანხის გადახდა. შესაძლოა, „პეტრე“ „პავლეზე“ უკეთესი და პოპულარული მუსიკოსი იყოს, მაგრამ ფარცხანაყანევის ვეგეტერიანელთა რესტორანში პავლეს მუსიკა გაცილებით უფრო ხშირად სრულდებოდეს. შესაბამისად, პავლეს ჰონორარი პეტრესაზე ბევრად მეტი უნდა იყოს. აი, ამას კი, ვის რამდენი ჰონორარი ეკუთვნის, თავად ბატონი გიგა კობალაძე განსაზღვრავს, რომლის შეუმცდარ ალღოში თურმე ეჭვი არ უნდა შევიტანოთ!
უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, ქართული უფლებადამცველ ასოციაციას არასდიდებით არ უნდა ჰონორარის თვითნებურად გამნაწილებლის როლის ხელიდან გაშვება გასაგები მიზეზების გამო, არც ასოციაციის ფინანსურ ლაბირინთებში უცხო ცხვირის ჩაყოფა აწყობს.
ძალიან საეჭვოდ გამოიყურება ასოციაციის დაპირება, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკება ესპანურ კომპანიასთან, რომელიც მას უახლოეს მომავალში მიაწვდის უახლეს აპარატურას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად“. ძალიან უბრალო მიზეზის გამო, ეს ქიმერას ჰგავს - იმ ესპანურ კომპანიას არავითარი აპარატურა არ გააჩნია.
სამაგიეროდ, ახლადშექმნილი ქართული კომპანიის რუსეთში, ევრაზიულ ქვეყნებში და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კომპანიონი მზად არის ეს მრავალმილიონიანი აპარატურა საქართველოშიც დაამონტაჟოს და შემოსავლების აღრიცხვა-განაწილების პროცესიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ გადააქციოს.
GCA--ს სწორედ ეს, „თავის“ სფეროში შემოსავლების ცივილიზებული აღრიცხვა-განაწილების პერსპექტივა, აღელვებს. თუ ამას დაუშვებს, ხელიდან ეცლება ყოვლისშემძლე უფლებადამცველის სტატუსი და, რაც მთავარია, ქართველ მუსიკოსთა ყულაბაში ხელის ფათურის შესაძლებლობა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში რომ არ დამდოთ ბრალი, მოგახსენებთ, რომ ეს გონივრული ეჭვია და ბატონი გიგას მიერ დამკვიდრებულმა აღრიცხვიანობის შუასაუკუნეობრივმა მეთოდმა აღმიძრა: იგი თავისთავად ჩნდება, როცა ჰონორარის გადანაწილების პროცესი ერთი კაცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული
ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ურაპატრიოტული აღტყინება, ყოვლად ჩვეულებრივი ბლეფია - სატყუარა გონებაჩლუნგებისთვის.
საქართველოში ისედაც დაძაბული ვითარებაა და ცეცხლზე ნავთის დამატება საქვეყნო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. კიდევ ერთხელ, ჩემო ძვირფასებო, იქნებ მშვიდ ვითარებაში მოლაპარაკებებზე იფიქროთ?
თეიმურაზ ქორიძე