თბილისში ერთი კაცი დადის. ფეხით. იმპოზანტური გარეგნობის, დარბაისლური მიხვრა-მოხვრის, ინტელიგენტური მანერების, ნამდვილი, დახვეწილი ქალაქელი კაცი, ამ სიტყვის სნობურ-ქაჯური კომპონენტის გარეშე.
მას თითქმის ყველგან ნახავთ, სადაც თბილისის მაჯა სცემს, სადაც საზოგადო საქმე იჩარხება და ერის ტკივილი თუ სიხარული ჰგიებს.
მხარზე მუდამ შავი, ცოტა სიძველეშეპარული ჩანთა აქვს გადაკიდებული, რომელშიც მისი განუყრელი ფოტოაპარატი ცხოვრობს - მშვენიერი წამის შემყოვნებელი ჯადოსნური მოწყობილობა, საიდანაც ჩიტის გამოფრენას მოუთმენლად ელოდებიან ჩვენი ქალაქის გამოჩინებული თუ უჩინო მოქალაქენი.
ის შავი, ცოტა სიძველეშეპარული ჩანთა, მუდამ მხარზე რომ აქვს გადაკიდებული, ჯადოსნური ჩანთაა: გახსნის და ხან მიშა მესხს ამოიყვანს, ხან - სლავა მეტრეველს, ხან - შოთა იამანიძეს, ხან - სიომა ბარქაიას, ხან - ვიტალი დარასელიას, ხან დათო ყიფიანს და ხან კიდევ რომელ ერთ ლეგენდას ოდესღაც დიდებული ქართული ფეხბურთისა, რომლებსაც თავის წიგნებში აცოცხლებს.
ერთადერთია, ვინც ფოტოფირზე აღბეჭდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიადი დღე - 1981 წლის 13 მაისი. დიუსელდორფი. რაინშტადიონი. კარლცაისი. ტყავის ბურთის ქართველ ჯადოქართა ევროპული ტრიუმფი.
დადის და იმ განუყრელ შავ, ოდნავ სიძველეშეპარულ ჩანთასთან ერთად, რომელშიც განუყრელ ფოტოაპარატს აცხოვრებს, თან დაატარებს იმ დიდი და დღემდე განუმეორებელი გამარჯვების სურნელს, გემოსა და ფერს, გემრიელად შეზავებულს მისივე კაცობის, ღირსების, პატიოსნებისა და თავმდაბლობის სანელებლით.
ის არის კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს!
ის არის 75 წლის დემიკო ლოლაძე!
ყოველმან მისმან მპოვნელმან პატივი ეცით და სული შეუბერეთ!
ჯაბა ხუბუა