საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს მართავს და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, NATO-ს გენერალურ მდივანთან და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
მინისტრის განცხადებით უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო წარმოდგენილია NATO-ს კონტექსტში ვაშინგტონში დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას.
„საქართველოს შესახებ ხმა ძალიან მკაფიოდ გაისმის ვაშინგტონში. მოგეხსენებათ, რომ კონგრესში გაიმართა მოსმენა NATO-ს საიუბილეო მინისტერიალთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს შესახებ იყო ძალიან მკაფიო საუბარი ნატოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და იმის თვალსაზრისით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემადგენლობაში საქართველოც იქნება წარმოდგენილი და ჩვენ გვექნება საშუალება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და NATO-ს მოკავშირეებს ვესაუბროთ იმ პრიორიტეტებზე და პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში პირველი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან ევროპული და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ რიკერთან გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი. მაღალი შეფასება მიეცა პარტნიორობის მაღალ და პოზიტიურ დინამიკას, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების სიხშირე, ასევე ის მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რაც ვაშინგტონიდან ისმის საქართველოს მიმართ.
„დღევანდელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე, ჩვენს სამომავლო პერსპექტივებზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისე როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საკითებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.