კახეთის გუბერნატორის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე დაინიშნა. ირაკლი ქადაგიშვილმა კალმახელიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ის მუშაობას დღეიდან შეუდგა.
„დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს. ჩემი მოვალეობა იქნება თვითმმართველობასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ეტაპზე ამ კუთხით ვიმუშავებ. ძირითადი ფუნქცია იქნება კოორდინაცია თვითმმართველობასთან და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის მოადგილის პოსტი 7 თებერვლიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.