დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
ივანე მაჭავარიანმა კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან.
როგორც ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მას დიდი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც EBRD გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და რეფორმების მხარდაჭერის გზით.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. ამასთანავე, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ EBRD მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1 აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.