logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: NATO შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია
- +

4 აპრილი. 2019. 17:00

 

„რუსეთი მიიჩნევს, რომ NATO რეგიონში წარმოადგენს დესტაბილიზაციის წინაპირობას, რაც ბუნებრივია, ასე არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოში NATO-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა, კავკასიაში მას დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

 

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რუსეთის ასეთი დამოკიდებულება სიახლეს არ წარმოადგენს.

 

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ისმის ეს გზავნილები, ხშირად, სამწუხაროდ, არა გაფრთხილების, არამედ მუქარის შემცველი გზავნილები. რუსეთი მიიჩნევს, რომ NATO რეგიონში წარმოადგენს დესტაბილიზაციის წინაპირობას, რაც ბუნებრივია, ასე არ არის. პირიქით, NATO არის სწორედ ამ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, რომ თავისი დესტრუქციული ქმედებები დააბრალოს NATO-ს ასეთ უპრეცედენტო აქტივობას“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

კონსტანტინიდის თქმით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

 

„NATO გაწევრიანება არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საერთო გადაწყვეტილება. ის ეფუძნება ქართველი ხალხის ღიად დაფიქსირებულ ნებას. ეს არის შეუქცევადი პროცესი და უბრალოდ დროის ამბავია. შესაბამისად, საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება. გარდა ამისა, ალიანსის მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა და ეს გაჟღერდა ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ არც ერთ მესამე სახელმწიფოს არ აქვს უფლება, უკარნახოს სუვერენულ სახელმწიფოს თავის მიერ არჩეული კურსი“, - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა, კავკასიაში მას დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner