„მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში დღეს ლევან იზორიას უსმენენ. თავდაცვის მინისტრი კანონმდებლებს ბოლო პერიოდში უწყებაში გატარებულ რეფორმებს აცნობს.
მინისტრმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც ილაპარაკა და თქვა, რომ რელიგიური მოტივით სავალდებულო გაწვევაზე უარის თქმა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ რელიგიური მოტივი ნამდვილი და დასაბუთებული უნდა იყოს.
„ეს უკავშირდება ვალდებულებას და არა იძულებას. მაგალითად, ლიეტუვაში საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომ აქ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. არ შეიძლება რელიგიური ნიშნით ეს მოვალეობა მოქალაქეებს სხვადასხვანაირად დავაკისროთ, არამედ თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით მიდგომა ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ, შესაძლოა გაუქმდეს. ინიციატორი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.