logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: 26 მაისის ჯალათები დასჯილები არ არიან!
- +

26 მაისი. 2016. 18:21


მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე საუბრობს და აქვე ამბობს, რომ იგი არ თვლის საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყანად.

 

„დღევანდელი დღე, 26 მაისი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში გამოცხადდა დამოუკიდებლობის დღედ, იყო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის და თითოეული ქართველისთვის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ დროის შემდეგ, სამწუხაროდ, მე არ ვთვლი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლად", - აცხადებს ია მეტრეველი.


აქვე ია მეტრეველი იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას, როგორც მისთვის უმძიმეს დღეს. მისი აზრით, ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დღე და ამბობს, რომ 26 მაისის ჯალათები დღემდე დაუსჯელები არიან.


„26 მაისი ჩემთვის ძალიან ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული 2011 წლის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საშინლად დაარბია მოსახლეობა. ეს იყო შავი ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ეს დღე ჩემთვის არის ერთ-ერთი უმძიმესი. დღემდე იხოცება იმ დღეს ნაცემი ხალხი, რაც სამწუხაროდ რატომღაც არ არის გახმაურებული. არავინ არის დასჯილი იმ ადამიანებიდან, ვინც აღნიშნულ დარბევაში იღებდა მონაწილეობას. სისხლის სუნი იდგა რუსთაველზე და ამ გადარეცხილ სისხლზე მიხეილ სააკაშვილმა კონცერტის ჩატარება მოინდომა. მახსოვს, „სუხიშვილებსაც" უნდა ეცეკვათ ამ კონცერტზე და სასიხარულოა, რომ მათ უარი თქვეს. მაგრამ ისიც კარგად მახსოვ,ს ღირსების ორდენები როგორ დაიკიდა ბევრმა, მადლობებიც უხადეს სააკაშვილს და იმღერეს კიდეც.

 

ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დღე. დამოუკიდებლობის დღის განცდა გადაფარა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებმა და იმან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. დღეს თუ ვიღაცას თავისივე მოწყობილ პროვოკაციაში მუშტი მოხვდა, ამაზე ატეხეს ამბები და უნდათ, რომ მსოფლიოს გააგებინონ, კანონებს ცვლიან და მოითხოვენ ადამიანების დასჯას, მაშინ როცა 26 მაისის ჯალათები არ არიან დასჯილები!" - ამბობს მეტრეველი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner