„თავდაცვის სფერო, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა, სადაც არის თვალსაჩინო პროგრესი. ამიტომ, კოლეგებო ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ აკრიტიკოთ ეს სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს პროგრესი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მინისტრის ფორმატში მოსმენის დროს.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს ყურადღება გაემახვილებინათ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ ისაუბრეს მხოლოდ ჭორებზე.
„მე დღეს ველოდი და მქონდა სურვილი თქვენი მხრიდან მომესმინა კონკრეტული ხელშესახები საკითხები, მაგრამ ნაცვლად შინაარსობრივი საკითხებისა, თქვენ შეეხეთ ყოვლად უშინაარსო საკითხებს, რომელიც დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ჭორებზე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. თუმცა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის, რომ 2017 - 2018 წლებში თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად ყველა ძირითადი ფინანსური სტანდარტი შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილი თავის გამოსვლაში თავდაცვის სამინისტროში ხარჯების დაზოგვის პოლიტიკას შეეხო.
„მეორე საკითხი, რომელსაც მსურს შევეხო - ეს არის ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა. ეს არის ძალიან სწორი მიმართულება, რასაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩემმა კოლეგამ, ირაკლი სესიაშვილმა ამაზე დაწვრილებით ისაუბრა - თუ რა მიმართულება და რა ხედვა ჰქონდა ადრინდელ ხელისუფლებას და როგორია ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კოლეგებმა ოპოზიციიდან არ გაუმახვილებიათ ყურადღება და არ დაუსვამთ მინისტრისთვის შეკითხვა - თუ როგორია შრომითი ანაზღაურების ტენდენციები და როგორ იზრდება ხელფასები თავდაცვის სფეროში.
„რეფორმების შედეგად, 2016 წლიდან დაწყებული ხელფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება 2020 წლის ფარგლებშიც. უნდა ითქვას ის, რომ 2019-2020 წლის ფარგლებში ხელფასის ზრდა შეეხება 7616 სამხედრო მოსამსახურეს და 1323 ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რაც ჯამში 8939 ადამიანია. უნდა ითქვას ისიც, რომ საერთო ჯამში 2016-2020 წლებში სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11264 დასაქმებულ პირს მოიცავს. ეს არის ის პროგრესი, ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება შრომითი ანაზღაურების ფარგლებში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას, ასევე, არ უსაუბრია ტოტალური თავდაცვის ახალ სისტემაზე ახალ სარეზერვო სამსახურზე, რომელიც არის ნებაყოფლობითი და ანაზღაურებაზე დაფუძნებული.
„არ საუბრობთ პროგრამებზე და პროექტებზე, როგორიც არის „ჩვენი ჯარი“, არ საუბრობთ საზოგადოების ცნობიერების მიზნით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, არ საუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება დაცვითი შესაძლებლობები, რაც ასევე ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციონერ კოლეგებს, ასევე არაფერი უთქვამთ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ანგარიშზე, სადაც საუბარია საქართველოს პროგრესზე.
„იმედი მქონდა, რომ სულ მცირე, 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს მაინც შეეხებოდით და აღვნიშნავდით იმ პროგრესს, რომელიც აღნიშნულია სტოლტენბერგის 2018 წლის ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ნატოს ოპერაციებში და მისიებში იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა და რომ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საქართველომ. იმედი მქონდა, რომ შეეხებოდით და აღნიშნავდით სულ მცირე იმას, რაც ანგარიშშია აღნიშნული, როდესაც საუბარია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერთავდაცვასა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში. ეს არის ის რეალობა, რასაც თქვენ თვალს ვერ უსწორებთ, თუმცა ეს არის ფაქტები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.