logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
- +

4 აპრილი. 2019. 21:27

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

 

„ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, მივესალმები თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურს, უწყების ხელმძღვანელ პირებს. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავუდასტურო თავდაცვის ძალების თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს.   

 

ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ანგარიში, თუ როგორ ხორციელდება თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ინსტიტუტიციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარება.  ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებას, მათ საპასუხოდ ოპტიმალური ძალთა სტრუქტურის ფორმირების ამოცანებს და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნებს.  

 

წარმოდგენილი ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს თავდაცვა, ტოტალური თავდაცვის მიდგომის გათვალისწინებით, ემყარება თავდაცვის ახლებულ ხედვას, რომელიც აყალიბებს ბრძოლისუნარიან, თვითმყოფად და NATO-სთან თავსებად თავდაცვის სისტემას.  ჩვენი, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანის ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია NATO-ს უელსისა და ვარშავის სამიტებზე განსაზღვრულ შეკავებისა და თავდაცვის განახლებულ პოლიტიკასთან და ისეთ პრიორიტეტებთან.

 

ჩვენ მივესალმებით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მინისტრის “სტრატეგიული მზადყოფნის” ინიციატივას, რაც გულისხმობს შესაძლებლობების და თავსებადობის იმგვარი ხარისხის მიღწევას, რაც NATO-ში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, პრაქტიკულად გამორიცხავს თავსებადობის კუთხით, რომელიმე შეუსრულებელი ვალდებულების არსებობას და უზრუნველყოფს ალიანსში საქართველოს უმოკლეს ვადებში გაწევრიანებას.

 

მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის და თავდაცვის ბიუჯეტის 24 %-ის შეიარაღებისთვის მობილიზებით, პერსონალის ხარჯის 48%-მდე შემცირებით საქართველოში დამკვიდრდა ნატო-ს სტანდარტით გათვალისწინებული თავდაცვის საბიუჯეტო პოლიტიკა. ჩვენი კომიტეტის წევრებს კარგად გვახსოვს,  როდესაც მინისტრმა 2017 წელს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა რომ შეიარაღების ნაწილში  მისი ამოცანა იყო 20%-იანი ნიშნულის მიღწევა, თუმცა აღნიშნა რომ სასურველი იყო მეტი რამეთუ საქართველოს მემკვიდრეობით ერგო მოძველებული საბჭოთა შეიარაღება.  დღეს, თავდაცვის ბიუჯეტში, შეიარაღებისთვის 24 %-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი ბევრად სწრაფი ტემპებით ხორციელდება.

 

თავდაცვის კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს თავდაცვის  შესაძლებლობების ზრდას აღჭურვის, წვრთნების და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.  წარმატებით ხორციელდება GDRP, რაც ამაღლებს საბრძოლო მზადყოფნის ხარისხს და ამზადებს სამანევრო ბატალიონებს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის.  მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადი ცეცხსასროლი იარაღით და საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვა, შესაბამისი სადაზვერვო და ლოგისტიკური  შესაძლებლობების უზრუნველყოფა; მიღწეულია დაკომპლექტების მაღალი ხარისხი;  ბრიგადების შემადგენლობაში შექმნილია საბრძოლო ჯგუფები და შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონები; განხორციელდა სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაცია არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ აღჭურვილობის თვალსაზრისითაც; ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს გადმოეცა უახლესი ანტი-სატანკო შეიარაღება, რაც მჭიდრო პარტნიორობასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.  2018 წლიდან, ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს საჰაერო სივრცე არის უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ქართული ცა უფრო დაცული.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საარტილერიო, საავიაციო, სპეციალური ოპერაციების, კიბერ-უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას.  გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებული წვრთნების, მასში მონაწილე მხარეების რაოდენობა და ტექნიკის სახეობები.   რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ იზრდება ნატო-ს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და საქართველოს როლი ამ არქიტექტურაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო, სოციალური და სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სწორედ ეს არის ის ნაბიჯები რაც ზრდის ჩვენი თავდაცვის ძალების თვითმყოფადობის, ბრძოლისუნარიანობის, მობილურობის და ლეტალურობის ხარისხს, რაც თავის მხრივ განაპირობებს პოტენციური აგრესიის შეკავების ხარისხის ზრდასაც.

 

თავდაცვის სფეროში განსაკუთრებით მინდა გამოვყო თანამშრომლობა აშშ-სთან, გავიხსენო თავდაცვის მდივნების მეთისის და შენაჰენის, ამერიკელი გენერლების ადმირალების მინისტრის და მისი გუნდის მისამართით გაკეთებული მაღალი  შეფასებები. თავდაცვის რეფორმების ეფექტიანობის და აღიარების  ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, ბოლო წლების მანძილზე დაფინანსების სტაბილურად მზარდი დინამიკა, რამაც 2012-2018 წლებში 178,8 მლნ აშშ. დოლარი, ხოლო 2018 წელს 41 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

მინდა  ხაზი გავუსვა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობას, რომელიც არის უპრეცედენტო ნიშნულზე და აღვნიშნო, რომ ამ თანამშრომლობის წარმატების, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ თავდაცვის სფეროში გადადგმული ნაბიჯები, გაწევრების პრაქტიკული ინსტრუმენტების, განსაკუთრებით არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით იმპლემენტაცია და თავსებადობის კუთხით განხორციელებული სხვა ღონისძიებებია.  ამას ადასტურებს ალიანსის გენერალური მდივნის ანგარიში სადაც ვრცლად არის საუბარი არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებაზე.

 

ჩვენ დღეს გვიყურებს მთელი საქართველო და მე საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ჩვენ - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრებს - საკმაოდ ხშირად გვაქვს ვიზიტები NATO-ს შტაბ-ბინაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში, სადაც ვხვდებით მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირებს. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ უკლებლივ ყველა მათგანი თავდაცვის მინისტრს ახასიათებს როგორც რეფორმატორ ლიდერს, მის გუნდს როგორც რეფორმატორების გუნდს და მისი ხელმძღვანელობით გატარებულ რეფორმებს - როგორც საქართველოში, თავდაცვის სიტემის ტრანსფორმაციის კუთხით ყველა დროის, ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე შინაარსობრივ რეფორმებისა.

 

ზემოთხსენებული შეფასებები, დღეს წარმოდგენილი ყოვლისმომცველი ინფორმაცია, ჩვენი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში გამოტანილი დასკვნები,   არის მორიგი დადასტურება, რომ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება, ბატონი მინისტრი და მისი გუნდი აგრძელებს თავდაცვის ძალების აღმშენებლობას და განვითარებას,  როგორც საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით ასევე NATO-ს თავსებადობის ზრდით“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner