„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოპოზიცია ხართ, ჩვენ - უმრავლესობა, მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის, იმიტომ რომ დღეს თავდაცვის სამინისტრო არის ლოკომოტივი ნატოს გზაზე“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.
ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში ოპონენტების მხრიდან წამოსული პროპაგანდის ლუსტრაცია ხდება.
„გეტყვით, რატომ გავიხსენე წარსული - იმიტომ, რომ ზოგიერთი თქვენგანი დეპუტატი იყო მაშინ, ზოგი - მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი - მინისტრის მოადგილეც. თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით - არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით“, - მიმართა დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურს არავინ შეუშვებდა.
„დღემდე გველაპარაკებით, რომ ოკუპანტიდან მომავალი საფრთხეები ძალიან სერიოზულია და ქვეყანას სჭირდება რომ ,მაქსიმალურად გამოიყენოს შესაბამისი ბიუჯეტი, შესაბამისი ფინანსები იმისათვის, რომ თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. ვკითხულობთ აუდიტის დასკვნას. 2012 წლამდე ვინ შეუშვებდა თავდაცვის სამინისტროში აუდიტს? ვინ გაბედავდა? ვკითხულობთ თქვენს მიერ დანიშნული აუდიტი დებს დასკვნას და ის ამბობს ასეთ რამეს- გახარჯული 800 მლნ -ზე მიღება -ჩაბარების აქტი არ დასტურდება. ეს ერთი. მეორე - გახარჯულია 700 მლნ. გადარიცხულია ოფშორულ ზონებში და არანაირი პროდუქცია ქვეყანაში არ შემოსულა. ესაა თქვენი რეალური სახე”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას თავდაცვის უწყების მიერ ძვირადღირებული მანქანების შეძენასთან დაკავშირებით - თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, არცერთი ძვირადღირებული ჯიპი არ შესყიდულა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას საწვავსა და მომსახურებაზე 35 მლნ ლარი აქვს დახარჯული.
„აქ საუბარი იყო აგარაკებზე, სახლებზე და მთელი სახელმწიფოსა ქონება გქონდათ საკუთარ აგარაკებად გადაქცეული. ჭონქაძის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი იყო, რომელიც გადაქცეული იყო ჩვეულებრივ მინისტრის სახლად, დღეს აქ არის ნატო-საქართველოს აღმშენებლობის სკოლა, რაც არის სამინისტროს და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. წეროვანიც მთლიანად მინისტრების აგარაკად იყო გადაქცეული თავისი გასართობი ცენტრებით, დღეს აქ არის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი. ბათუმში სახლების ჩამორთმევა თქვენი სტილია, სასტუმრო გქონდათ ჩამორთმეული, რომელიც ასევე იყო თქვენს პირად სარგებლობაში, ახლა ეს ყველაფერი პატრონს გადაეცა.
ძალიან გიყვართ საუბარი, რომ „ჩვენ ყველაფერი უნდა მივმართოთ თავდაცვის მიზნებისთვის“ და მართლაც სწორია, თითოეული თეთრი უნდა დავითვალოთ. გიყვართ საუბარი - „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა. არადა, რეალურად, მთელმა საქართველომ იცის, რომ ის თქვენი პროპაგანდისტული მანქანაა და გეშინიათ თქვათ თუ რა ფულით არის ნაყიდი „რუსთავი 2“, - მიმართა ოპონენტებს ირაკლი სესიაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საშიშია, როდესაც სახელმწიფო და მთელი სისტემა კორუფციულ თემაზეა აწყობილი და ოპოზიციის წარსული მომავალს ემუქრება.
„თქვენი ყოფილი ლიდერი, მთავარსარდალი ორი დღის წინ რომ გამოვიდა და ყველაფერზე თქვა მე არაფერი ვიცოდიო . დარწმუნებული ვარ თქვენც არაფერი იცოდით რასაც მე ვლაპარაკობ. იმას გეუბნებით, რომ თქვენ იმაში ფულს იღებდით, რომ საპარლამენტო კონტროლი გაგეხორციელებინათ, უშიშროების საბჭოზე დაგებარებინათ ადამიანები და გეთქვათ, სამინისტროსთვის 26 მლნ 800 ათასი რომ აჩუქეთ ტელეკომპანია „საქართველოს“ იყიდეთ 24 საათიანი სარეკლამო დრო. ბოლოს ტელეკომპანია „საქართველო” სამინისტროს ფულით ნაყიდი ტექნიკით შევიდა „რუსთავი 2“-ის წილში, და გახდა 51%-ის მფლობელი. თქვენ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ფული მოპარეთ, და დღეს იმ თქვენი მოპარული ფულით ეწევით პროპაგანდას მათ შორის ჩვენი ჯარისკაცების და ზოგადად სამხედრო ფილოსოფიის წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიგა ბოკერიასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსოლიდირებული უნდა იყოს. მისივე თქმით, ის „ბოლომდე მიყვება“ სამხედრო მფრინავის საკითხს.
„მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოპოზიცია ხართ, ჩვენ უმრავლესობა, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის, იმიტომ რომ დღეს ჩემთვის თავდაცვის სამინისტრო არის ლოკომოტივი ნატოს გზაზე და ამ ლოკომოტივს თქვენ შეეხიდებით - გამოგყვებით, ამ ლოკომოტივს თქვენ გააკრიტიკებთ - გამოგყვებით. ამიტომ, ელენე ხოშტარიას დავეთანხმები, თუ იმ ერთი ოფიცრის ღირსების საკითხია დასაცავი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კითხვები შეიძლება მქონდეს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მივყვები ბოლომდე. ძალიან ცუდი ფაქტები მახსენდება - 13 წელიწადი წვევამდელებს და სამხედრო მოსამსახურეებს ვიცავდი და ძალიან კარგად იცით”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ნდობის ჯგუფის შესახებ ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება.
„წარმოგვიდგინეთ ყველა დოკუმენტაცია და ერთად ვებრძოლოთ კორუფციას. უახლოეს ხანებში დავარეგისტრირებ ნდობის ჯგუფის შესახებ ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად რაც შეძლება მალე უნდა დავაკომპლექტოთ, წავიდეთ და ადგილზე გავეცნოთ”, - მიმართა ლევან იზორიას ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება და „რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელსაც პასუხი მოეთხოვება”. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს სამხედრო-სარეზერვო სამსახური.
„თითოეულ ჩვენგანს უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მე აქ რომ ვდგავარ, ირაკლი სესიაშვილი კი არა ვარ, მე ვარ ის ერთი ჯარისკაცი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვას. ამიტომ, აქ კომპლექსურად უნდა მივხედოთ. ჩემი პოზიცია არის, რომ სამხედრო-სარეზერვო სამსახური უფრო მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ. ჩავდოთ რესურსი. მე ჩემს კოლეგებს მთავრობას პრემიერ-მინისტრს ვთხოვ, რომ ის ტემპი რომელიც არის და იგეგმება სამხედრო სარეზერვო სამსახურის განვითარებისთვის და რესურსი საკმარისი არ არის. სამხედრო სარეზერვოო სამსახური ვერ იარსებებს ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის პრინციპში სამოქალაქო თავდაცვის გარეშე. აქაც ერთობლივად ვიმუშაოთ”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დეპუტატი გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, ოპონენტთა განცხადებასაც გამოეხმაურა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია სწორი არ არის, იგი მზადაა კომიტეტის ფორმატში მსჯელობისთვის.
„გაწვევის სისტემაზე რამდენჯერმე ახსენეს, ირაკლი სესიაშვილი დისკრიმინაციულ განწყობის დაკანონებას უწყობსო ხელს. ბატონო გიგა, მე პრობლემა დავაყენე, მივიღე რეაქცია, მაქვს იმის ვაჟკაცობაც, რომ თუ თქვენ თვლით და საზოგადოების ნაწილიც, რომ ეს არ არის სწორი, კომიტეტზე ვიმსჯელოთ. შეიძლება ჩემი არასწორი პოზიციიდან გადავიდეთ სწორ პოზიციაზე, ესაა კონსოლიდირებული მიდგომა, რაც თქვენ ახსენეთ. არ მეშინია ამის. თქვენ ამ წარსულის გეშინიათ. მე წარსულის არ მეშინია. თქვენი წარსული გაკვეთილია როგორი არ უნდა ვიყო. თქვენ საშიში ხართ თქვენი წარსულით მომავლისთვის”, - მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტებს.
ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენთან ერთად ქედს ვიხდი ჩვენი გარდაცვლილი გმირების წინაშე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე.