logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტრომ წვევამდელთა სისტემის გაჯანსაღებისთვის ყველაფერი გააკეთა
- +

4 აპრილი. 2019. 22:22

 

 

თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა წვევამდელთა სისტემა გაეჯანსაღებინა და მიმზიდველი გაეხადა:

 

„წვევამდელებმა მაქსიმალურად ინტეგრირებულად უნდა იგრძნონ თავი საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი საწყისი საბრძოლო მომზადების იგივე კურსს გადიან, რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები. მათ უქმე დღეებით სარგებლობის შესაძლებლობა მივეცით, ანაზღაურება შვიდჯერ გავუზარდეთ, ლოკაცია განვსაზღვრეთ სახლთან ახლოს, რათა მათ ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ. ახლახან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში, მათ მშობლებს შესაძლებლობა მიეცეს, ესტუმრონ წელიწადში ორჯერ სამხედრო ნაწილებს და მოინახულონ საკუთარი შვილები, ნახონ რა ფორმა აცვიათ, როგორ არის მათი უფლებები დაცული. ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც მომავალ რეზერვისტებს და აქედან გამომდინარე წვრთნების და აქტიურობის ხარისხს ვაქცევთ დიდ ყურადღებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით 2016 წლის ნოემბერში აღდგა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან სამთვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner