„ყოველ ჯერზე, როდესაც NATO-მ თავი შეიკავა, რუსეთმა წინ წაიწია“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც მან NATO-ს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
სტატიაში რასმუსენი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ალიანსის წევრების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
ყოფილი გენერალური მდივანი შეცდომად მიიჩნევს 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებით, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას სამოქმედო გეგმა აღარ შესთავაზა.
„სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა და მას შემდეგ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს“, - წერს რასმუსენი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან NATO ასპირანტ ქვეყნებს MAP-ის პროგრამის ფარგლებში, რჩევებისა და მხარდაჭერისთვის ფორმალური პროცესს სთავაზობს, თუმცა, რასმუსენის განცხადებით, „კრიტერიუმები ტერიტორიული დავების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის შეუძლებელს ხდის NATO-ს წევრობას. ამას კი, კარგად აანალიზებს კრემლი და რეგულარულად აღვივებს „გაყინულ კონფლიქტებს“.
ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე იხსენებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გაფრთხილებას, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრას, მომავალში უკრაინა მოჰყვებოდა, თუმცა, ადრეული გაფრთხილების ეს „წითელი დროშა“ უყურადღებოდ დარჩა.
ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსა და უკრაინას უნდა შესთავაზონ უფრო მეტი, ვიდრე თბილი სიტყვებია და გააცნობიერონ ის გამანადგურებელი როლი, რომელსაც კრემლის პარანოია ასრულებს გაწევრიანების პროცესში.
„ჩვენ უნდა გავუწოდოთ მშვიდობის ხელი პუტინის რუსეთს, თუ ის შეცვლის თავის ქცევას, თუმცა, არ უნდა დავტოვოთ ასპირანტი ქვეყნები განუსაზღვრელი ვადით „გაყინული“ მხოლოდ იმიტომ, რომ დავამშვიდოთ სტრატეგიული მოწინააღმდეგე. კრემლის მიზანია, შეაკავოს ეს ქვეყნები იქამდე, სანამ მათი პროგრესი რეფორმების მიმართულებით არ დაიწყებს შეჩერებას“, - აღნიშნულია სტატიაში.
რასმუსენის განცხადებით, NATO-ს წევრებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა და სანქციები რუსეთზე დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასასრულებლად, როგორც ამას მინსკის 2014 წლის პროტოკოლი ითვალისწინებს და რუსეთი გავიდეს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.