„საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წასწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „Bloomberg“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, რათა მაქსიმუმი გამოვიტანოთ. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიდის და ევროპა სურს, არ უნდა მოეპყრონ იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმ ქვეყანას, რომელიც ევროპიდან გადის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა NATO-ზე და საქართველოს მზაობაზე, გახდეს NATO-ს წევრი.
„სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ. ჩვენ, რომ MAP მოგვცენ, ყველამ იცის, საქართველო ორ თვეში მზად იქნება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს არ შეუცვლია თავისი მტკიცე განწყობა - ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდეს.
„თუ რუსეთის განზრახვა იყო, საქართველოს შეეცვალა სვლა NATO-სა და ევროკავშირისკენ, მაშინ ეს რუსეთის დიდი მარცხია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ გეგმავს 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში გამგზავრებას ან პუტინთან შეხვედრას.
„არ შეიძლება, ფორმალური ან არაფორმალური დიალოგი გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც შენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას ახდენს, თუ არ არის იმის ნიშნები, რომ რაღაც იცვლება. ამის ნიშნები კი არ არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.