„2019 წელს საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება როგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.
გიორგი ქობულიამ ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო პალატებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბულგარეთის ანალოგიურ სტრუქტურას შორის გაფორმდა.
„ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ჩატარებასაც 2019 წელს. ბიზნესურთიერთობის ფარგლებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექსტილის წარმოება, რაშიც ბულგარეთს აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთობლივი საწარმოები. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ ავეჯის წარმოებაში, რაშიც ასევე განსაკუთრებულად ძლიერია ეს ქვეყანა და ვფიქრობ, ბულგარული და ქართული კომპანიების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ადვილად შევიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ამ სექტორში ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ეთერზეთების წარმოებაში. ადრე ამ პროდუქტის ძალიან მსხვილი მწარმოებელი იყო საქართველო და შემდეგ ეს სექტორი გაქრა. ბულგარეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა ტექნიკური ექსპერტიზით და ჩვენ კომისიის სხდომის ოქმშიც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ მათი ხელშეწყობით, ეთერზეთების წარმოება აღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტი და ერთობლივი კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა.
„მთლიანობაში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და იმედი გვაქვს, საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან სექტორებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - აღნიშნა მინისტრმა.