„ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე საქართველოში“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგია, რომ ასობით ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეაბილიტირდა და შეუნარჩუნდა მომავალ თაობას, რომ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, მეტ-ნაკლებად ღირსეული ანაზღაურება მიეღოთ, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ დარგში ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნებას, ახალი კადრების მოზიდვასა და ღვაწლმოსილი ადამიანების შეძლებისდაგვარად დაფასებას.
„გახსოვთ, მეც „ქართუ ფონდში“ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, რა ძალისხმევა იხარჯებოდა და რა მასშტაბის იყო ეს ქველმოქმედება. შესაბამისად, გადმოცემით არ ვიცი, რა მასშტაბებზეა საუბარი და არავითარი აუდიტის დასკვნა მე არ მჭირდება ამ ქველმოქმედების შედეგების შესაფასებლად. როდესაც სამ მილიარდზე ვსაუბრობთ, ეს იმხელა თანხაა ქველმოქმედებისთვის, რომ ყველა რეგიონს ეხება, ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასობით ინფრასტრუქტურულ პროექტს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა რეგიონში და ათიათასობით ადამიანს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ სარგებელს იღებენ ამ მასშტაბური ქველმოქმედებიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.