„ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში არჩევნები ჰქონდა 2016, 2017 და 2018 წლებში. რატომ არ ჰქონდა, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს იგივე აქტივობები, თუ, როგორც ოპონენტები ამბობენ, მისი ინტერესი არჩევნებია?!“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ხიბულასა და ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლა შუალედურ არჩევნებს უკავშირდებოდა.
„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ ამ ბრალდებების აბსურდულობაზე მარტივი ფაქტები მეტყველებს.
„ოპოზიციის ბრალდებების აბსურდულობაზე მარტივი ფაქტები მეტყველებს, ჯერ ერთი, „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში არჩევნები ჰქონდა 2016-შიც (სხვათა შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინაც იგივე კანდიდატი ჰყავდა, ვინც დღეს ჰყავთ), შემდეგ 2017 და 2018-შიც. რატომ არ ჰქონდა, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს იგივე აქტივობები, თუ, როგორც ოპონენტები ამბობენ, მისი ინტერესი არჩევნებია?! ან რატომ ახორციელებს კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს - შავი ზღვის სანაპიროზე, აბასთუმანში, ქუთაისში, თბილისში, თუ სხვა რეგიონებში?! იქ ხომ არ არის არჩევნები?! რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელეა!“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქართველის ვალია, დააფასოს ის ადამიანები, ვინც სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაშიც მაგალითს გვაძლევს, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გმირების დაფასება.
„წელს 80 წელი შესრულდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან - ეს არის იმ ადამიანის საიუბილეო თარიღი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩვენს საერთო სამშობლოს, მის თავისუფლებას მიუძღვნა. ყოველი ჩვენგანის, ყველა ქართველის ვალია, დააფასოს ის ადამიანები, ვინც სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. და ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ამ შემთხვევაშიც მაგალითს გვაძლევს, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, ჩვენი ქვეყნის გმირების დაფასება.
ასე ყალიბდება და მყარდება ფასეულობები, ასე იწერება ქვეყნის ისტორია და სწორედ ასეთი ღირებულებითად სწორი მიდგომები განაპირობებს ქვეყნის მომავალს.
თუმცა ამ მასშტაბის ქმედებებსაც კი, ყველა საკუთარი მორალური გადმოსახედიდან აფასებს და, შესაბამისად, არც არის გასაკვირი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსგავსი აბსურდული განცხადებები, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ხალხისთვის უანგაროდ რამის კეთება. ამიტომ არიან ისინი იქ, სადაც არიან და ჩვენ კი განვაგრძობთ ხალხთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.