logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და თვითმყოფადობის აღიარება!
- +

26 მაისი. 2016. 19:15


პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" 26 მაისის მნიშვნელობაზე საუბრობს. ლორთქიფანიძის თქმით, ეს დღე არის ჩვენი ტრადიციებისა და თვითმყოფადობის აღიარების დღე.



„ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი თვითმყოფადობის აღიარება, როდესაც 1991 წელს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა ქართველისთვის, საქართველოში მცხოვრებისა თუ ემიგრანტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე", - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.


დავით ლორთქიფანიძე საუბრობს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას დამართოს.


„დამპყრობლებსაც კი არ უკადრებიათ ჩვენი ქვეყნისათვის ის, რაც ნაციონალურმა ბანდამ დამართა საქართველოსა და მის მოსახლეობას, როცა რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიან მომიტინგეებს თავს დაესხნენ სახელმწიფოს სტრუქტურის წარმომადგენლები, დაასახიჩრეს და სასტიკად გაუსწორდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო კატასტროფა და წარმოუდგენელი ვანდალიზმი, როდესაც სისხლით მორწყეს მთელი რუსთაველი, სახანძრო მანქანებით გადარეცხეს და მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა აღლუმი. ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას დამართოს, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამართა?! როდესაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ არამარტო 2011 წლის 26 მაისს, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ძალადობით დაღუპული ადამიანების ხსოვნას, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფეხზე არ ადგნენ, რაც ჩემთვის ძალიან გამაოგნებელი იყო. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არის სრულიად არაქართული ძალა, რომელიც არ არის მიმართული ჩვენი სახელმწიფოს უკეთესი მომავლისაკენ.

 

ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ბოლომდე იქნას მიყვანილი სამართლიანობისათვის ბრძოლა, რათა არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ჩვენს მოსახლეობას იმ ვანდალებთან მიმართებაში, რომლებმაც რამდენიმე წლით უკან დაგვწიეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში", - ამბობს ლორთქიფანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner