შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. „ფორდ ტრანზიტის” მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 სედანის ტიპის და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც დაათვალიერა, რომელიც დაცული ობიექტებიდან განგაშის ოპერატიულად მიღებისა და რეაგირებისთვის ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებული სერვერი დატვირთვას ვერ უძლებდა, რაც ობიექტებიდან სიგნალის მიღების შეფერხებას იწვევდა. ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოხდა მისი სრულად გადაიარაღება, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, დეპარტამენტის კომპიუტერულ სისტემებზე მომსახურე სერვერების განახლება. აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის სამმართველოებში დამონტაჟდა ახალი სადისპეტჩერო სადგურები და სერვერი, განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა SIS და კომპიუტერული აპარატურა. გააქტიურდა მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.
შსს-ს ცნობითვე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსგავსი მასშტაბის ტექნიკურ განახლებას დაარსებიდან ამ დრომდე არ მომხდარა.
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ცხელი ხაზის 125-ის ბაზაზე შეიქმნა მულტიფუნქციური „ქოლ ცენტრი“ და ერთიანი სწრაფი რეაგირების პულტი. დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის აპარატურა და განთავსდა სპეციალური ინვენტარი. მოხდა თანამშრომლების გადამზადება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს თანამდებობრივი სარგო 125 ლარით გაეზარდა. დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
„დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები. მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა. ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად. ვიმსჯელეთ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებზე, 2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამაზე უნდა იზრუნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შსს-ს ინფორმაციით, თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.