logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება
- +

6 აპრილი. 2019. 15:36

 

 

„გაერთიანების დროა, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა , მაგრამ ჩვენ არც ერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი“, - ამის შესახებ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში პრობლემები ძალიან ბევრია. მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა, ასევე პოლიტიკურად გარემო ძალიან პოლარიზებულია.

 

„ასევე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.  შემდეგი, მე ვიტყოდი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. თუ ჩვენ არ ვანახეთ ხალხს და მით უმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს, რა არის ჩვენი მიზანი, რა არის ჩვენი ქართული ოცნება, რა არის თითოეული ქართველის ოცნება - ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები.

 

„ასევე მინდა ვისაუბრო ჩვენს შემდეგ გამოწვევაზე, რომელზეც პრემიერს არა ერთხელ უსაუბრია, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე აფხაზეთია. აქაც მინდა, იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ერთიანი, მათ ვერ დავარწმუნებთ, რომ დადგა დრო გაერთიანების. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი - გიორგი შენგელია, რომელიც, ღარიბაშვილის შეფასებით, წესიერი და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner