logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: არასოდეს დავუშვებთ რევანშისტული, დესტრუქციული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას
- +

6 აპრილი. 2019. 15:36

 

 

„საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, სამეგრელო ძალიან გაანაწყენა და გაამწარა“, - ამის შესახებ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია ჰყავს.

 

„არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი  – ეს არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ ცხრაწლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს, მეგობრებო. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით, თქვენთან ერთად, არასოდეს არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, როგორ ექცეოდა ხალხს წინა ხელისუფლება და ასევე, წინ საერთო მომავლისკენ გახედვა.

 

„საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.  ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ  თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი საერთო ძალისხმევით მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დააჩქაროს ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, სწრაფი ტემპებით განავითაროს ქვეყანა და იყოს ხალხის სამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner