„გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განცხადა, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წარადგინა.
ბახტაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ბევრი სპეკულაცია ისმის.
„ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - მიმართა ღონისძიებაზე შეკრებილებს მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, ბახტაძის თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, რომელშიც ყველაზე თანამედროვე სასწავლებლები იფუნქციონირებს.
„რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპირდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა.