რა უცნაური ჭორი გაუგია თამრიკო ჭოხონელიძეს საკუთარ თავზე და ახსოვს თუ არა მას პირველი ქათინაური, რომელმაც თავი მომხიბვლელად აგრძნობინა - ამ თემებზე მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ბავშვობაში, როდესაც დედაჩემს კონცერტზე ვყავდი წაყვანილი, რაიონიდან ჩემს ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩამოვიდნენ - თურმე „წუთისოფელს გამოვესალმე“. შემდეგ, მეზობლებთან ერთად ბედნიერებისაგან ტიროდნენ, რადგან გაირკვა, რომ ეს ჭორი იყო. მერე მეუბნებოდნენ, დიდხანს იცოცხლებ, რადგან ასეთი ჭორი გავრცელდაო. ჩემს შესახებ რაც უნდა მოიგონონ, ჭორი მაინც ვერაფერს მაკლებს, რადგან ხალხი მიცნობს.
„მზიურელები“ ქათინაურებს ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ - სულ გვეფერებოდნენ, მაგრამ მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა- მეთქი. ძალიან ცუდიო,- მითხრა, - მე მინდა, ეს იცოდეო. არადა, ბავშვობაში ცოტათი უფრო გამირბოდა თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა“,- აღნიშნავს თამარ ჭოხონელიძე.