დაღესტანში ხელნაწერების გაციფრულების პროცესში ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. ეს არის მეექვსე საუკუნის სახარება ქართულ ენაზე.
იმის შესახებ, რომ ერთი ძველი მანუსკრიპტის ნაცვლად ორი შერჩებოდათ ხელთ, აღმოსავლეთმცოდნეებს არც უფიქრიათ. ათასობით სხვა იშვიათი ეგზემპლარისგან ძველთაძველი და გახუნებული ტომი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა მეცნიერებმა არაბული სუფიების მე-9 საუკუნის დროინდელი ტექსტის ქვეშ ძლივს შესამჩნევი ნაწერი აღმოაჩინეს.
„როგორც წესი, ჩვენ ხელნაწერებს ქაღალდის, მისი ხარისხის მახასიათებლების და ხელწერის მიხედვით ვათარიღებთ. ეს ქაღალდი კი არ გავს არცერთ ქაღალდს, რასთანაც 20 წლის განმავლობაში შეხება მქონია. ის სხვა სტრუქტურის არის“, – ყვება დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი შამილ შიხალიევი.
მეცნიერების ვარაუდით, როგორც ჩანს იმ პერიოდში ხარისხიანი საწერი მასალის დეფიციტი იყო.
თავდაპირველად არაბისტები ვერ მიხვდნენ, არაბული ტექსტის ქვეშ არსებული ტექსტის წარმომავლობას, საბოლოოდ კი გაირკვა რომ ის ქართული ასომთავრულით დაწერილი სახარებაა. მეცნიერების აზრით ეს ხელნაწერი მეექვსე საუკუნით თარიღდება.
რუსული მედიის ინფორმაციით ახალაღმოჩენილი ხელნაწერი თავის ადგილს დაიკავებს დაღესტანში არსებულ ქართულ სიძველეებს შორის.
„ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები დაღესტნელების ამიერკავკასიის ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტყველებს ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. თუმცა ახლა აღმოჩენილი ხელნაწერი, რომელიც ქართულ ენაზეა დაწერილი ჩვენს ვარაუდებს უფრო ამყარებს“, – ამბობს შამილ შიხალიევი.
შესაძლოა ხელნაწერი ვერც ვერასოდეს აღმოეჩინათ, რომ არა ინსტიტუტში დაწყებული ხელნაწერების გაციფრულების პროცესი. წიგნი, რომლის რიგითი ნომერია 1012 ინსტიტუტში საბჭოთა პერიოდში, სოფელ უბრადან მოხვდა. მისი ნამდვილი ისტორიის აღსადგენად დაწყებულ სამუშაოში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთნენ. ხელნაწერი უკვე გაციფრულებულია და ის მალე ინტერნეტ მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.