რა დამოკიდებულება აქვს თამრიკო ჭოხონელიძეს ყოფილ მეუღლესთან და ყოფილა თუ არა ის ოდესმე „სასოწარკვეთილი დიასახლისი“. ამასთან დაკავშირებით მომღერალი ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„გია პირველ რიგში ჩემი შვილების მამაა, მეორეც - თავის დროზე მასთან ოჯახი ძალიან დიდი სიყვარულით შევქმენი. წარსულს არაფერი შეცვლის. უბრალოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რაც დრო გავიდა, კიდევ უკეთ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, რაც განგებამ გვარგუნა, ჩვენი შვილები და მათი შთამომავლობები არიან. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან „დაშორება“ რას ნიშნავს, რადგან მე და გია ერთად ხშირად ვართ.
ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მონაკვეთები, როდესაც ნამდვილად სასოწარკვეთილი დიასახლისი ვიყავი, რადგან ყველაფერი რთულად მოხდა- გარემოც ასეთი იყო და სოციალური ვითარებაც, თუმცა ასეთი თვისება მაქვს: საკუთარ თავს უფლებას არასოდეს მივცემ, რომ სხვას თავი შევაცოდო, რადგან შესაბრალებელი არაფერი მჭირდა. მერე რა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ასე მოხდა? თუმცა იყო პერიოდი, რასაც დეპრესიის საწყისი ერქვა და იმ დროს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს შემოვულაწუნე“,- აღნიშნავს თამრიკო ჭოხონელიძე.