ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი 69 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ.
დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი.
დიმიტრი თუმანიშვილი თბილისში 1950 წელს დაიბადა. 1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე; თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში მიჰყავდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსი; იყო სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დაწერილი შრომების შეუცვლელი რეცენზენტი, რედაქტორი და კონსულტანტი; წლების განმავლობაში ამუშავებდა ქართულ სახელოვნებათმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს.