ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“ აქვეყნებს წერილების სერიას „უმადურობის სინდრომი“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
წერილები ბატონ ბიძინა ივანიშვილს
(წერილი პირველი)
გეყოფათ, ბატონო ბიძინა, გეყოფათ, საკმარისია, უკვე დაერქვა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი. თქვენ ჯერ კიდევ 2012-ში მითხარით, მავანი გაყიდულიაო, მავანი მოსყიდულიაო, მავანი მოღალატეაო… ამაზე თვითონაც დაწერეთ მანამდე, 2011 წლის ნოემბერში, მაგრამ მე პირადად თან მჯეროდა, თან არ მჯეროდა. აჰა, აგერ, გამოხდა ხანი და მართალი აღმოჩნდით – „მავნები“ სწორედ ისეთები აღმოჩნდნენ, როგორებადაც თქვენ დაახასიათეთ. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… აი, მაგალითად, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ასი პროცენტით გაამართლა თქვენეული „აღწერილობა“ და მაგაზე აღარ მოვყვები. ჯერ ერთი, უკვე ბევრჯერ დავწერე და მეორეც – უკვე ყველამ ყველაფერი იცის. არა, ისე, მაინც მაგარია… 2012-ში მითხარით, ეგ ქალი სააკაშვილთან არის შეკრულიო და შვიდი წლის თავზე გაცხადდა, რომ მართლაც შეკრული ყოფილა. არადა, მოხერხება ხომ გინდა, ასეთი გრანდიოზული სპექტაკლები დადგა, თავი „ნაცების“ მტრად წარმოაჩინო და ბოლოს უგულავა-ბოკერია-ვაშაძეს მაგიდასთან მიუჯდე? სხვათა შორის, ის უფრო მაგარია, ადამიანს 2012-ში რომ გამოამზეურებ და მერე ეს ადამიანი საკუთარ თავს 2019-ში გამოამზეურებს. დამიჯერეთ, თქვენ ფაქტობრივად გამოდიხართ წინასწარმეტყველი… ან სულაც სუპერ-პოლიტიკოსი. ტყუილია მაი ამბავი, ვიღაც უნიჭოები რომ იძახიან, პოლიტიკა არ ესმისო, ეგ ბიზნესმენიაო.
აი, კიდევ ერთი მაგალითი… მე და ჩემნაირებს პაატა ბურჭულაძე კაცური კაცი და მართლა მსოფლიო მნიშვნელობის ბანი გვეგონა, სინამდვილეში ერთი უბრალო მეშჩანი ყოფილა. სხვათა შორის, ამ წუთას ერთი ამბავი გამახსენდა: შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა ბატონი პაატა გადაფრინდა მსოფლიო სცენაზე, გამოჩნდა ერთი კაცი, უაღრესად სიმპატიური და უაღრესად პატიოსანი, რომელიც ჩიოდა და ჰყვებოდა, თუ როგორ ჩაანაცვლეს მისი კანდიდატურა ბურჭულაძით, როგორ გაათამაშეს ბინძური სპექტაკლი და როგორ მოუჭრეს გზა ყველა მხრიდან. ეს გახლავთ ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი ალექსანდრე ხომერიკი. როცა თემა პრესაში გასკანდალდა, ბურჭულაძემ ამ ადამიანს ისეთი ბიჭები დაახვია თავზე, ჩემი დედაო, რომ იძახიან ხოლმე ყოველი წინადადების ბოლოს. აღარ მოვყვები, რა მოხდა მაშინ, კაცი იმ დონემდე მიიყვანეს, ბოდიშები ახდევინეს, თავბედი აწყევლინეს, ლამის თავი მოაკვლევინეს. ჰოდა, ახლა თქვენ დაამტკიცეთ, რომ ბატონი ბურჭულაძე ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. არა, ცოლი რომ მოგიგზავნათ, 9 მილიონი ჩაგვირიცხეთო, როგორ იყო? ნეტა ლარი უნდოდა, დოლარი თუ ევრო? ესე იგი, თუ 9 მილიონს მისცემდით, მიხოსთან აღარ გავარდებოდა, ხომ? მოკლედ, რააა… დაინახავ ადამიანს, კაცს ჰგავს, მოგეწონება, ხელს გაუწვდი, დაელაპარაკები, დაუახლოვდები და აუუუუ… კაცმაცუნაა. პრინციპში, რას გიყვებით, თქვენ ხომ ჩემზე უკეთესად იცით ამ კაცმაცუნების შესახებ?
თავის დროზე „რესპუბლიკელებზე“ გითხარით, უჯიშოები არიან-მეთქი და თქვენ მიპასუხეთ – მოიცადე, ნუ ჩქარობო. მაშინვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკვე იცოდით, რა ნაგავთანაც გქონდათ საქმე და ამიტომაც „დააპაშოლეთ“ 2016-ში. ერთი რა მაგის პასუხია და… გავიგე, დავით ზურაბიშვილი გადაგირჩენიათ, კიბო ჰქონია, გერმანიაში გაგიგზავნიათ, 150 ათასი (დოლარი თუ ევრო) დაგიხარჯებიათ, განკურნებული დაგიბრუნებიათ, ვალებიც ჩამოგიწერიათ და ახლა აქუს კანტორიდან იძახის, ბიძინამ თავისი თავი ამოწურა, უნდა წავიდეს, ვერაფერს აკეთებსო. თან აქეთ გვმოძღვრავს, მერე რა, რომ მიმკურნალა და გადამარჩინა, პოლიტიკაში სხვა ინტერესები არსებობსო. გამოგიტყდებით, ბატონო ბიძინა, როცა მე 4 წლის შვილიშვილი გამაბრაზებს ხოლმე, აღარ მაქვს სურვილი, ნაყინი ვუყიდო… დავიჯერო, ასეთ რაღაცებზე არ ბრაზდებით და არ გიქრებათ სურვილი, რომ მსგავს ნაგვებს აღარ დაეხმაროთ, აღარ გადაარჩინოთ? მიკვირს და ალბათ მომავალშიც გამიკვირდება, როგორ იტანთ ამდენ უმადურობას? აგერ, შეხედავთ დავით ზურაბიშვილს, ორმეტრიანი ოქლაქია, თითქოს განათლებულის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ლევან რამიშვილის ბუნაგიდან გამოსული ნაგავია. თქვენს ადგილზე რომ ვიყო, აქამდე ვიტყოდი: გასწით, თქვენი პატრონი დედაც-მეთქი და… ვიყიდიდი ერთ დაუსახლებელ კუნძულს, წამოვწვებოდი ქოქოსის ხის ქვეშ და ვიქნებოდი განცხრომაში. თუმცა, როგორც ვხედავ, თქვენ იმდენად გიყვართ მამულ-დედული, ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ხართ. არადა, ზოგიერთის კაცობის გამოაშკარავება, ზოგიერთის სინდის-ნამუსის გამომზეურება ძალიან ძვირი გიჯდებათ. კიდევ ერთ მაგალითად ირაკლი ალასანიას ცხოვრება და „მოღვაწეობაც“ გამოდგება, რომელიც ჯერ კიდევ 2012-ში გაიშიფრა, როცა ფარულად ხტუნაობდა და აცხადებდა: ეს ივანიშვილი ვინ ყოფილა, ტოოო, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენაო? მიუხედავად ამისა, გაატარეთ, სამეგრელოში გაუშვით არჩევნების მოსაგებად, მილიონებიც გაატანეთ და ყველა რაიონი წააგო. როდესაც პასუხი მოსთხოვეთ, რაღაც „ანგარიში“ დაგიჯღაბნათ, მოგართვათ და თქვენც დაუჯერეთ… უფრო სწორად, არ დაუჯერეთ, მაგრამ გაუტარეთ, სიტუაცია აღარ დაძაბეთ, მტრები არ გაახარეთ და თავდაცვის მინისტრადაც გაამწესეთ. ამ დროს როგორ შეიფერა მინისტრობა ალასანიამ? პირველივე დღეებიდანვე დაიწყო სირბილი გიგილო უგულავას ცოლთან ერთად ფრანციასა თუ ანგლიაში, დაფრინავდა „ჩერეზ“ დუბაი „ნაციონალებთან“ სალაპარაკოდ, რათა საკუთარი თავისთვის პრეზიდენტობა გაეჩალიჩებინა. არ გამოუვიდა, ეგეც ჩაუფლავდა, გაუგეთ და როცა მიხვდით, ერთი რაღაცისგან სალამური არ გამოვიდოდა, დაახვევინეთ. თუმცა, როგორც ვხედავ, ირიბად მაინც არ ისვენებს… აგერ, თავისი პარტია „ნაცებს“ მიუერთა, ხოლო ირინა ენუქიძის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს. ალბათ, დამეთანხმებით, რა ამაზრზენი იყო, როცა შავგულიძემ ბოკერია-უგულავასთან შამპანურის ბოთლები გახსნა. რაღა დაგიმალოთ და… ამათ რომ ვუყურებ, ლევან მურუსიძე მართლა მსხვერპლი მგონია. ადრე არ გეთანხმებოდით, მაგრამ ახლა გეთანხმებით.
მარტო ალასანია-შავგულიძეზე გაქვთ ამაგი? გუბაზი, კაცო, სანიკიძე… 2012-მდე ვითომ მიხოს ებრძოდა, ვითომ მამულის გადარჩენაზე ფიქრობდა, მერე რაღაცები მობოდა, არაკაცური გაუშვა და თქვენ ესეც აპატიეთ, პარლამენტში ზემო თაროს წამოასკუპეთ. წამოასკუპეთ რა, ჩავიდა თუ არა ქუთაისში, დაწვა, დაიძინა და 2016-ში გაიღვიძა, კიდე მინდაო. ფაქტია, უარი უთხარით და არც მილიონი დოლარი აშოვნინეთ. დიახ, 2012-ში იძახდა, სათავეში იმიტომ მოვდივარ, სულ მცირე, მილიონი უნდა ვიშოვოო. ვიმეორებ – არ მიეცით მილიონი და ეგრევე მტრად მოგეკიდათ. აბა, ერთი მიგეცათ, განა დღეგამოშვებით აქუს დუქანში იჯდებოდა და უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავდათ? პრინციპში, ძალიანაც კარგად მოიქეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში სადმე მოყუჩდებოდა და ჩვენ ვერ გავიგებდით, როგორი ბოღმის „ბუკეტიც“ ბრძანდება.
კახეთში იტყვიან ხოლმე, რამდენი ვირიც ვიყიდე, იმდენი მკუანა გამამადგაო. ეს უბრალოდ მეტაფორაა, თორემ სინამდვილეში ვირებზე კი არა, ადამიანებზეა საუბარი, რომლებსაც უქნარობა და უმადურობა სისხლში აქვთ გამჯდარი. ამ კახურ „სტანდარტში“ ძალიან კარგად ჯდებიან დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ 2012-ში დაიფრინეთ, მაგრამ მოგვიანებით დაგარწმუნეს, რომ მაგარი ბიჭები არიან, შეიძლება არც დაიჯერეთ, მაგრამ ფაქტია, გაატარეთ, ერთი პრემიერად გაამწესეთ, მეორე – ვიცე-პრემიერად. ამათ, ამ „კარგმა“ ჯეელებმა ისე გააჯეჯილეს „ოცნებაში“ „ნაცმოძრაობა“, კინაღამ პრეზიდენტის პოსტი ჩაიგდეს ხელში. ნუ, ახლა, აღარაფერს ვამბობ 700 მილიონის ჩამოთლასა და სხვა მაქინაციებზე. ბატონო ბიძინა, თქვენ უკიდურესად მიმტევებელი ადამიანი ბრძანდებით… ვატყობ, ამათაც მიუტევეთ – არ გინდათ, ადამიანები, რომლებიც ოდესღაც გვერდით გყავდათ, ციხეში გამოკეტოთ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი… შეიძლება კარგი თვისებაა, მაგრამ მტრებს რომ სალაპარაკო ეძლევათ, ეს ცხადია.
აბა, უყურეთ, ვინც კი თქვენ სარკოფაგიდან ამოიღეთ 2012-ში, ყველა მიხოს ნასუფრალს მიუჯდა იმ იმედით, რომ უახლოეს ხანში დაგამხობენ და ისევ გაუჩნდებათ საკბილო. ამათთვის ე.წ. პოლიტიკა ე.წ. ბიზნესია, საშოვარია, საკბილოა… მას შემდეგ, რაც თქვენგან ვეღარ ხეირობენ, ხანჯლები აიღეს ხელში. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, რომ ეს ვითომ პოლიტიკოსები ბოლომდე გააშიშვლეთ, მაგრამ ახლა დგებით დიდი პრობლემის წინაშე – უნდა გაუძლოთ ცილისწამებას, სიცრუეს, თქვენკენ დაძრულ წუმპეს, ათასნაირ საზიზღრობას და ასე შემდეგ. შეიძლება თქვათ (რაც პირადად ჩემთვის გითქვამთ), რა ვუყოთ, ესენიც ჩვენი შვილები, ძმები, დები და მამიდაშვილები არიან, როგორმე უნდა მოვაქციოთ, სწორ გზაზე დავაყენოთ, ბოლოს და ბოლოს, რაც ვართ, ეს ვართო. ერთ ხანობას თქვენეული ტერმინი მეც გავითავისე, ბევრს ვუთხარი, რაც ვართ, ეს ვართ, სხვა გზა არ გვაქვს-მეთქი. არაო, ყველამ ქოში უკუღმა ყარა, რას ჰქვია, ეს ვართ, სად გაგონილა, მოღალატეებს ასე რბილად ექცეოდნენ და თანამდებობებზე აწინაურებდნენო? დავფიქრდი და მართლაც… დედამიწის ზურგზე იმიტომ არსებობს სამართალი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. თუ არ დაისჯება, მოვა და თვითონ დაგსჯის. ცხონებული ზვიად გამსახურდია იძახდა 1991-ში, ესენიც ჩვენი შვილები, დები და ძმები არიან, თუ ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთო. მაშინ იქ ვიყავი, ჭორად მოტანილს არ ვყვები, ბრძანება ჰქონდა გაცემული, ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვაროსო… ქართული სისხლი, ჩვენი ჯიშისა და გენისაო, რაც ვართ, ეს ვართო. მახსოვს, ერთხელ ტელევიზიაში მოვიდა, შემოსასვლელში ერთი ცნობილი ქალბატონი გადაუდგა (გარდაცვლილია, შეგნებულად არ გავამჟღავნებ მის ვინაობას), კიკინები გაიშალა, კაშნე მოიძრო და აყვირდა: დამიჭირე, ზვიადი, დამიჭირეეეე!!! ზვიადის მშვიდი პასუხი: ქალბატონო, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ ციხე არ გეღირსებათ.
ბატონო ბიძინა, შეიძლება თქვენ და ზვიად გამსახურდია სხვადასხვა ტიპის მმართველები ბრძანდებით, მაგრამ ერთ დიდ საერთო ხასიათს მაინც ვხედავ – მიმტევებლობას, რაც ხშირად შემოსეული ტურა-მგლებისთვის ხელსაყრელია ხოლმე. ვერ დაგიმალავთ, მე პირადად ძალიან მეშინია, იგივე არ განმეორდეს. თუმცა იმის იმედი მაინც მაქვს, რომ თქვენ თავს გაართმევთ ამ რთულ სიტუაციას და რასაკვირველია, ამაში საზოგადოების არაუმადური, წესიერი ნაწილიც უნდა დაგეხმაროთ. ადრეც დავწერე და გავიმეორებ: მე 1991 წლის დეკემბერში პარლამენტის წინ ცოცხალ ჯაჭვში ვიდექი, რათა კრეტინ კიტოვანს ქაშუეთიდან ჟანგიანი ზარბაზანი არ ესროლა. მაშინ მისი შეჩერება ვერ შევძელით. ახლა კი (გამოცდილება უკვე გვაქვს) ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო კიდევ ერთხელ არ გადაბუგონ თაღლითებმა, პოლიტიკურმა შულერებმა და ათასი ჯურის ავაზაკებმა. ამ დღეებში სოსო ცინცაძემ დამირეკა, პოლიტოლოგმა, რომელიც თქვენ პოლიტიკაში შემოსვლისთანავე გააკრიტიკეთ, ლამის სულელი უწოდეთ. არადა, სოსო მართლა განსწავლული ადამიანია და რაც მთავარია, ამ წლების განმავლობაში შორიდან გგულშემატგკივრობთ. კაცი გაოცებულია, როგორ შეიძლება, ამდენ ადამიანს ამდენ სიკეთეს უკეთებდე და მერე თითქმის ყველა გლანძღავდესო? მისი აზრით (და მეც ვეთანხმები), ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არის უმადურობის სინდრომით დაავადებული და პირად ინტერესებს გადაყოლილი. როდესაც ზვიად გამსახურდიას ის ქალბატონი ლამის მუხლებში ჩაუხტა და ეხვეწებოდა, დამაპატიმრეო, მეგონა, ქვეყნის ბედი აწუხებდა. მერე გამოვიკვლიე, გავიკითხ-გამოვიკითხე და არ დაიჯერებთ, თურმე ახალგაზრდობაში ზვიადი ჰყვარებია, მისგან რომანტიკული თანაგრძნობა ვერ მიიღო და მტრად მოეკიდა. მეტიც, ამხელა კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკვე პირადი ინტერესია.
ჰოდა, სოსო ცინცაძემ მთხოვა, იქნებ ბიძინა ივანიშვილს როგორმე ხმა მიაწვდინოთ, სელექციას მიხედოსო. კი, ბატონო, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იხსნიან ნიღბებს და როგორ შიშვლდებიან ე.წ. ღვაწლმოსილი ადამიანები, როგორ ემსგავსებიან ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიერ აღწერილ შიშველ მეფეს და როგორ იქცა ქვეყანა ჯორჯ ორუელის მიერ აღწერილ ცხოველების ფერმად, მაგრამ ნიღბებჩამოხეულები ხომ უნდა შევცვალოთ ერთგული, სამშობლოს მოყვარული, პატიოსანი ადამიანებით? ახლა არ მითხრათ, რაც ვართ, ეს ვართო. თუ რატომ არ ვართ ეს, რაც ვართ, ანუ რატომ ამოვიდა ლექი ზემოთ, ამაზე მომდევნო წერილში მოგახსენებთ.
პატივისცემით, გელა ზედელაშვილი.