logo_geo
eng_logo
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ
- +

8 აპრილი. 2019. 16:10

 

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. დაცვის მხარემ მანამდე შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურატურიდან გამოთხოვას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

 

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები - გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი. პროკურატურის თქმით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.

 

როგორც პროკურატურა აცხადებს, საუბრის მიხედვით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზაზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ერთ-ერთ საუბარში გიორგი დგებუაძე, რომელიც „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის, ადასტურებს, რომ მკვლელობა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის სანქცირებული.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად ბრიტანეთის ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner